ბიბილაშვილი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიბილაშვილი ზაზა – (1972), ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ კარალეთში (გორი). 1994 წ დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო: პრესის და სამხედრო ჟურნალისტი, რედაქტორი; სატირულ-იუმორისტული ტელეპროგრამების ავტორი, რედაქტორი და სცენარისტი; კინოსცენარისტი. ავტორია პოეტური, პროზაული და ესეისტური კრებულებისა: „ნუ მესიზმრები, რაა!“ (ლექსები, 1999), „ჩემი მდოგვის მარცვალი“ (ლექსები, 2009), „კონგო ანუ ზაირი“ (ნოველები, 2014), „პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი“ (ჩანაწერები, 2016), „ფაზლი“ (ლექსები, 2018).
- ასე იციან
- დაგღლის ტანის დივანზე და
- ლოყის მკლავზე შემოდება,
- გარეთ გახვალ, ნახავ,
- შენი შემოდგომა გელოდება –
- ძველებურად ფერყვითელი,
- სუნსველი და გემომწიფე
- ფეხქვეშ ისევ დაძენძილი
- ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს –
- ნიავქარში სადარბაზოს
- ღია კარში შემოხვეტილს,
- და გგონია, გარეთ იყავ –
- სახლში ახლა შემოხვედი –
- სადაც შენი სული ფხიზლობს
- ან ფხიზელი ძილით სძინავს,
- შემოსულხარ რაკი შარშან,
- იმის წინ და წინის წინაც,
- შენი დარდის ეკალ-ბარდით,
- შენი ომით, შენი ნდომით,
- და ამანაც შეგიფარა,
- თანაც – მთელი შემოდგომით...
- გული აგიჩუყდება და
- მოგივა და შეგიხტება –
- ასე იცის შემოდგომამ –
- შეგიჩვევს და შენი ხდება.
- მაგრამ განა მარტო მაგან –
- ყინვის ეტლით ნასერი ცის
- ზამთარმა და გაზაფხულმა
- და ზაფხულმაც ასე იცის.
- ასე იცის ამქვეყანამ,
- სათნოა თუ მურდალია –
- თავის პანოს, ხვატით დამწვარს
- თუ ყინულის სუდარიანს,
- პროზის მსუყე საფლობებს თუ
- პოეზიის მიმქრალ ტონებს
- შეგაჩვევს და შეგიჩვევს და
- მერე უცებ მიგატოვებს