ბიბილეიშვილი იური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იური ბიბილეიშვილი

იური ბიბილეიშვილი – (დ. 1 ნოემბერი, 1935, სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი — გ. 1 აგვისტო, 2017) — ქართველი პედაგოგი, კრიტიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე.

1962 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი უნივერსიტეტი) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

იყო პოლიტპატიმარი. გასამართლდა სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-10 ნაწილით – „ანტიპარტიული და ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის“.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომის საშუალო სკოლის ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლად (1962-1967), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მეთოდისტად (1967-1974), ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ეთიკისა და ესთეტიკის პედაგოგად (1967-1971), ბათუმის №6 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (1967-1989), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გამგედ (1970-1973). იყო საქართველოს კპ ბათუმის საქალაქო კომიტეტის ლექტორ-კონსულტანტი (1973-1975), ქ. ბათუმის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი (1975-1980), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1973-1983), დოცენტი, პროფესორი.

1995-1999 წლებში მსკ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ეროვნული თანხმობის კომისიის წევრი ფრაქცია „აღორძინებიდან“ 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

1981 წელს დაიცვა დისერტაცია პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1997 წელს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

1999 წლიდან იური ბიბილეიშვილი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია.

ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის ათი მონოგრაფიაა, ორი – დამხმარე სახელმძღვანელო. ესენია: „პედაგოგიკის ისტორია“ (თანაავტორი), „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის საკითხები“, „ლიტერატურული წერილები", „აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედება“, „ფიქრები აღზრდაზე“, „ბავშვის ბუნებრივი ნიჭის განვითარების ზოგიერთი საკითხი იან ამოს კომენსკის პედაგოგიურ კონცეფციებში“, „ქართული კომენიოლოგია“, „სული უკვდავი“ (ორ წიგნად), „ცხოვრების საზრისი“, „ცხოვრების შუაგულში“, „ხელოვანი სიკეთის სამსახურში", „სცენისათვის ბოძებული სიცოცხლე“, „ცეცხლგამძლე სული", „მემედ აბაშიძე – მწერალი და მოაზროვნე“, „დრამატურგების ქალაქი“, „რევაზ მიშველაძე ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში“ და სხვ.

2005 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი.

2009-2010 წლებში იური ბიბილეიშვილი იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი.

დაჯილდოვდა ჩეხეთის ეროვნული კრების საპატიო სიგელით (იან ამოს კომენსკის დაბადების 400 წლისთავთან დაკავშირებით, 1992). 2003 წელს – ნობელის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედლით.

2001 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დაჯილდოვდა პრეზიდიუმის სიგელით.

2002 წელს მიენიჭა აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

2011 წლის თებერვალში, დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მწერალთა ეროვნულმა კავშირმა მიანიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები