ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა - ბსპ (social responsibility of businesses) - ბიზნესის ვალდებულება წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ განვითარებაში, დაიცვას ეთიკური პრინციპები, ხელი შეუწყოს საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მაქსიმიზაციას და ნეგატიური გავლენის მინიმიზაციას ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესების გზით. ბსპ-ის ძირითადი მიმართულებებია: შრომის უსაფრთხოება, შრომის ანაზღაურების სტიმულირება, ხარისხიანი საქონლის (მომსახურების) წარმოება, ადამიანისეული კაპიტალი]ს კვალიფიკაციის დონის ამაღლება, სპონსორობა და ქველმოქმედება, ზრუნვა გარემოს დაცვაზე, მზადყოფნა კრიზისულ სიტუაციებში მონაწილეობის მისაღებად, ბიზნეს-პარტნიორებსა და კორპორაციის კლიენტებს შორის კეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა და ა.შ.
ბსპ-ის კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ხოლო ჩამოყალიბდა XX საუკუნის 30-იან წლებში; ფართო განვითარება ომის შემდგომ წლებში აშშ-ში პოვა. 1953 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი ეკონომისტის გ. ბოუენის წიგნი „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა“. მასში ავტორმა ჩამოაყალიბა სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა როგორც ბიზნესმენის ვალდებულება, თავისი საქმიანობა წარმართოს იმ მიმართულებებით, რომლებიც სასარგებლოა საზოგადოების კეთილდღეობისა და ქვეყნისმდგრადი განვითარებისათვის.