ბითერი
ბითერი – (ინგლ. Bitters), ალკოჰოლური სასმელი.
ბითერი წარმოიშვა 1533 წელს საფრანგეთში, მიიღება სხვადასხვა ნედლეულისაგან, ამიტომ მისი სიმაგრეც სხვადასხვაა და შესაბამისად, ფერიც განსხვავებულია, ღია ჩაისფრიდან – შავამდე. ამ სასმელებს აერთიანებთ ერთი რამ – საგრძნობი მწარე გემო.
თვითონ სახელწოდება ბითერი წარმოიშვა ინგლისურიდან და ნიშნავს მწარეს. ბითერების ჯგუფში შედიან მწარე ნაყენები, ვერმუტის ზოგიერთი სახეობა და ლიქიორები. ისინი, როგორც წესი, მზადდება სხვადასხვა ბალახების, ფესვების, ღეროების ექსტრაქტებზე, სამკურნალო მცენარეების ფოთლებსა და სანელებლების ნაყენებზე. ყველაზე უფრო გავრცელებულ კომპონენტებად ითვლება წიწაკა, აბზინდა, ფორთოხლის კანი, ქინაქინი, კოჭა, ანისულა და სხვ. სასმელების შემადგენლობაში შედის ასევე სხვადასხვა ხილის სპირტიანი წვენები ან მორსები. ბითერის სახელწოდებას განსაზღვრავს ის კომპონენტი, რომელიც სასმელში ასრულებს დომინანტის როლს, მაგალითად, „ფორთოხლის“ ან „ატმის“.
ბითერის მოხმარება, უპირატესად, ხდება ცხელი კლიმატის ქვეყნებში (კლავს წყურვილის გრძნობას). ბითერი ძირითადად, გამოიყენება კოქტეილების დასამზადებლად. არსებობს ბითერის მარკები, რომელთა გამოყენება ხდება წვეთებით, რაც დაკავშირებულია მათში შემავალი სამკურნალო ბალახების ძლიერ მოქმედებასთან. აღსანიშნავია ბითერის დადებითი მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ასევე მისი დადებითი მოქმედება ნაბახუსევის შემდეგ.
მსოფლიოში დღეისათვის იწარმოება მრავალი სახეობის ბითერი. მათგან აღსანიშნავია მწარე ნაყენი Angostura, რომელიც მზადდება რომზე. მასში შედის ბევრი კომპონენტი: ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტი, მიხაკის ფესვები და ა.შ. ამ ნაყენმა ფართო პოპულარობა მოიპოვა თავისი სამკურნალო თვისების გამო. იგი მიიჩნევა სიცხის დამწევ საშუალებად. განსაკუთრებული სიმწარის გამო, მიღებულია მისი მცირე დოზებით გამოყენება.
ბითერი „Picon”-ის სამშობლოა ალჟირი, ხოლო ქვეყანა, რომელმაც მისცა „ახალი სიცოცხლე“, საფრანგეთია. „Campari“-ისა და „Fernet Branca“-ის სამშობლოა იტალია. „Campari“ დამზადებულია ღვინოზე. იგი შედის მრავალი კოქტეილის შემადგენლობაში. „ფერნე ბრანკა“ გასულ საუკუნეში ითვლებოდა მალარიის საწინააღმდეგო საშუალებად. იტალიელები მას იყენებენ ყავაში ჩასამატებლად, ხოლო გერმანელები – ლუდში. გავრცელებულ ბითერებს მიეკუთვნება ასევე გერმანული Storns-dorfer და Underberg, ჰოლანდიური Boonekamp, იტალიური Branca Menta და სხვ. რუსულ მწარე ნაყენებს შორის აღსანიშნავია „ზუბროვკა“, „სლავუტიჩი“, „პერცოვკა“, „ანისოვკა“ და მრავალი სხვ.