ბიოლოგიური ვითარება
ბიოლოგიური ვითარება - (ბაქტერიოლოგიური ვითარება), იმ ფაქტორებისა და პირობების ერთობლიობა, რომელიც წარმოიშობა განსაზღვრულ რაიონში მოწინააღმდეგის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგად.
იგი გავლენას ახდენს ჯარებისა და საზღვაო ძალების საქმიანობაზე. ბიოლოგიური ვითარების ხასიათი დამოკიდებულია მოწინააღმდეგის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საშუალებებზე, ხერხებსა და დროზე, მოხმარებული რეცეპტურების სახეობასა და კონცენტრაციაზე; დამაზიანებელი კონცენტრაციის ბიოლოგიური აეროზოლის გავრცელების მიმართულებასა და სიღრმეზე; დასნებოვნებული რაიონების სიდიდესა და საზღვრებზე; რეცეპტურებისა და დაავადების გამომწვევთა მედეგობაზე გარემოში; ბიოლოგიური იარაღისაგან დასაცავად ჯარების მომზადების დონეზე; დაცვის საშუალებათა არსებობასა და ეფექტურობაზე, აგრეთვე სხვა ფაქტორებზე.