ბიოსფერული რეზერვატი
ბიოსფერული რეზერვატი – განსაკუთრებული დაცული ბუნებრივი ტერიტორია (70 ქვეყანაში გამოყოფილია 300 უბანი) დედამიწის ძირითადი ბიომების ეტალონური ფართობებით, რომლებიც გამოყოფილია ბუნებრივი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, ბუნების, სასიცოცხლო გარემოს, ბუნებრივი პროცესებისა და ბიომრავალფეროვნების დინამიურ-თვითრეგულირებად მდგომარეობაში შენარჩუნებისა და დაცვის, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებო საქმიანობის წარმართვის მიზნით და წარმოადგენენ შედარებით ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი: ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები; განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის ტერიტორიები; მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები; ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ჯერ კიდევ ვარგისი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები. ბიოსფერული რეზერვატის აღიარებას იუნესკოს „ადამიანი-ბიოსფეროს“ პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო ახდენს.
ბიოსფერული რეზერვატის ძირითადი ზონები
ბიოსფერული რეზერვატის ზონებია: ბირთვი ანუ ბუნების მკაცრი დაცვის (დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებები) ზონა, ბუნების მართვადი დაცვის (მანი- პულაციების) ანუ ბუფერული (დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა) ზონა, აღდგენისა (დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა) და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის (დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება) ზონა