ბობსლეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიტანელ ბობსლეისტთა ეკიპაჟი შამონის ტრასაზე 1924 წელი

ბობსლეი – (ინგლ. Bobsleigh). ციგაობის ნაირსახეობა, სწრაფდაშვება სამართავი ციგებით – 2 და 4-ადგილიანი ბობებით სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე, ყინულის ღარში.

ისტორია

ბობსლეის სამშობლოა შვეიცარია. XIX საუკუნის დამლევს სწორედ შვეიცარიის სენტ მორიცში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ბობსლეის სპორტული კლუბი, სადაც შემუშავდა შეჯიბრების ძირითადი წესები. თავდაპირველად ეკიპაჟი 3 კაცისა და 2 ქალისგან შედგებოდა, XX საუკუნის დამდეგიდან კი ოფიციალურ ტურნირებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ. პირველი სპორტული ბობი 1904 წელს დამზადდა.

ბობსლეის მრავალი მიმდევარი გაუჩნდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატები. პირველი ჩემპიონატები მოეწყო ავსტრიასა (1908) და გერმანიაში (1910). შემდეგ ბობსლეი გავრცელდა ამერიკის კონტინენტზე – აშშ-სა და კანადაში. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი შეჯიბრებები იმართება საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით.

მონაკოს მმართველი მონარქი ალბერ II ბობსლეისტთა 5 ოლიმპიური ტურნირის მონაწილეა (1988-2002 წლები)

4-ადგილიანი ბობებით ოლიმპიური შეჯიბრებები 1924 წლიდან ტარდება (1928 წელს ასპარეზობა 5-ადგილიანებით გაიმართა), 2-ადგილიანებით – 1932-დან. პირველ ოლიმპიურ ტურნირში 5 ქვეყნის 9 ეკიპაჟი მონაწილეობდა. გაიმარჯვა შვეიცარიელთა ოთხეულმა. 1924-72 წლებში შვეიცარიის ბობსლეისტებთან ერთად მედლებს უმთავრესად აშშ-ის, იტალიისა და გფრ-ის წარმომადგენლები ინაწილებდნენ. 1976-84 წლებში საუკეთესო იყო ყოფილი გდრ-ის ნაკრები. ბობსლეისტ ქალთა ოლიმპიური დებიუტი 2002 წელს შედგა სოლტ ლეიკ სიტიში. გაიმარჯვეს ამერიკელებმა – ჯილ ბაკენმა და ვონეტა ფლაუერსმა (2-ადგილიანი).

წესები

შეჯიბრება ტარდება ხელოვნურად ნაგებ ტრასაზე – ყინულით დაფარულ ბეტონის ღარში, რომლის სიგანეც 1,30 – 1,50 მეტრი, სიმაღლე მინიმუმ 45 სმ-ია, სიგრძე 1200-1300 მეტრია, აქედან 1200მ აუცილებლად დაღმართია, ბოლო 100 8 კი შეიძლება შეიცავდეს აღმართს (გაქანებული ბობის თანდათანობით გასაჩერებლად). ტრასის დახრილობა 12 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, მოსახვევის რადიუსი – 18 მეტრს. ტრასებს აგებენ ბუნებრივ გორაკებზე, როგორც წესი, ჩრდილოეთის ფერდობზე. ყინულს საგანგებო სამაცივრო დანადგარებით ქმნიან – მისი სისქე 19 მმ მაინც უნდა იყოს. ასპარეზობენ ბობით, მთლიანი ლითონის სპეციალური ციგით, რომლის ძირითადი ნაწილებია: 4 ციგურა, აეროდინამიკური ფორმის კორპუსი, მართვის სისტემა, სამუხრუჭო სისტემა. ბობი შეიძლება იყოს 2-ადგილიანი და 4-ადგილიანი. სპორტსმენებისთვის სავალდებულოა სარბიელზე დამცავი სათვალით, მუზარადითა და ხელთათმანებით გამოსვლა. შეჯიბრებაში მონაწილეობენ როგორც კაცები, ისე ქალები. კაცთა შეჯიბრებებში 2-ადგილიანი ბობის მაქსიმალური წონაა (ეკიპაჟის ჩათვლით) 390 კგ, სიგრძე – 2, 70 მ, 4-ადგილიანისა (შესაბამისად) – 630 კგ და 3,80 მ. ქალების ბობის მაქსიმალური წონაა 340 კგ. შეჯიბრებისას მაქსიმალური წონის მისაღწევად ნებადართულია ბალასტის გამოყენება, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული ციგაში.

სტარტერის ხმოვან სიგნალზე, როდესაც წითელი სინათლე ქრება და მწვანე ინთება, ეკიპაჟი ვალდებულია ერთი წუთის განმავლობაში გამოიყვანოს ბობი ტრასაზე, ხელით გააქანოს პირველ 15 მეტრზე და შემდეგ შიგ მოთავსდეს. ეკიპაჟი, რომელიც დროში ვერ ჩაეტევა, დისკვალიფიკაციით ისჯება. ტრასაზე განვითარებული სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს. გუნდმა ტრასა ოთხჯერ უნდა გაიაროს. იმარჯვებს ის, ვინც ჯამში საუკეთესო დროს აჩვენებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები