ბოკაჟი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ ბოკაჟი

პიერ ბოკაჟი – (ფრანგ. Pierre Bocage, 1799 – 1862), ფრანგი მსახიობი.

პიერ ბოკაჟი ღარიბ ოჯახში დაიბადა. რთული ბავშვობა საფეიქრო ფაბრიკაში გაატარა. განათლება გაჭირვებით მიიღო. ადრეული ასაკიდან დაიწყო შექსპირის ნაწარმოებების კითხვა და გამუდმებით ოცნებობდა სცენაზე. მოგვიანებით მან მისაღები გამოცდები ჩააბარა პარიზის კონსერვატორიაში, სადაც არა მარტო თავისი შესანიშნავი გარეგნობით და ტემპერამენტით, არამედ თავისი ღარიბული ჩაცმულობითაც გააოცა გამომცდელები, რაც ესოდენ უჩვეულო იყო ამ პრივილეგირებული სასწავლებლისთვის. ბოკაჟი მიიღეს კონსერვატორიაში, მაგრამ უსახსრობის გამო, ის ამ სასწავლებელში დიდხანს ვერ დარჩა და პარიზის ბულვარულ თეატრებში დაიწყო მსახიობად მუშაობა.

ბოკაჟი მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებით გამოხატავდა მძაფრ პროტესტს ტირანიის, ჩაგვრის წინააღმდეგ, ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ხელს უშლიდა ადამიანის ბედნიერებას. მისი გმირები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მებრძოლი სულისკვეთებით (დიდიე - ვიქტორ ჰიუგოს „მარიონ დელორმი“, ანგო - ფელიქს პიას „ანგო“).

მალე პიერ ბოკაჟი ძალიან პოპულარული გახდა. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ფრანგული თეატრის სცენაზე რომანტიკული გმირის სახე შექმნა. ბოკაჟის მიერ სცენაზე განსახიერებული პერსონაჟები მხატვრული დამაჯერებლობით გამოირჩეოდნენ. მის მიერ შექმნილი სახეები მარტოსული, ირონიული გრძნობით აღვსილი, თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი, თვალთმაქცობისა და ეგოიზმის მგმობი, დასაღუპად განწირული გმირები იყვნენ. სწორედ ამ თვისებების სცენური განსხეულება მოახდინა მან ანტონის სახეში (დიუმას „ანტონი“), რომელსაც გამოარჩევდა რომანტიზმის ექსპრესიულობისთვის დამახასიათებელი მგზნებარე ემოცია, ძლიერი ვნებათა ღელვა. ბოკაჟის ანტონი ხან თავდავიწყებით ბედნიერი, ხან კი განწირულობის განცდით შეპყრობილი, უკიდურესად სასოწარკვეთილი გმირია.

ბოკაჟის მებრძოლი სულისკვეთება განსაკუთრებული ძალით 1848 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში წარმოჩინდა. იგი თავად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, რადგან სამართლიანობის გამარჯვების სჯეროდა, მაგრამ როდესაც მისი მოლოდინი არ გამართლდა, იგი „ოდეონის“ თეატრის დირექტორის რანგში, ცდილობდა ამ თეატრის სცენა რევოლუციური პროპაგანდის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ტრიბუნად ექცია. ამ მიზნით ბოკაჟმა თეატრში მუშათა მასები მოიწვია და სცენის მაღალი ტრიბუნიდან მათ ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. ბუნებრივია, ურჩ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ თეატრის დირექტორს ხელისუფლება დაუსჯელად არ დატოვებდა, ამიტომ ბოკაჟი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ანტისამთავრობო პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

ბოკაჟს სრულიად ნათლად ჰქონდა განსაზღვრული თავისი ცხოვრების კრედო - ბრძოლა თავისუფლებისათვის მისი ცხოვრების არსს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ გახდა იგი ამ სულისკვეთებით გამსჭვალული ფრანგი ხალხის მედროშე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები