ბოლოსადგისა იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლოსადგისა იხვი

ბოლოსადგისა იხვი (ლათ. Anas acuta Linnaeus, 1758) ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია, ნისკარტი − 42-53 მმ, წონა სეზონების მიხედვით – 450-1100 გ. მამალი დიდია დედალზე. გამრავლების პერიოდში სქესობრივი დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც. მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა, კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით. თავის გვერდები, ნიკაპი, ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია. კისერი უკანიდან მოშავოა. სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია, მუქი განივი ხაზებით. მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვთ. ზურგის უკანა ნაწილი რუხია, წელის გვერდები – ჩალისფერი. კისერი წინიდან და გვერდებიდან, ჩიჩახვი, მკერდი და მუცელი თეთრია, მაგრამ მუცელზე რუხი წინწკლებია, კისრის გვერდების გასწვრივ კი, თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევენ. საჭის ბუმბულები წამახვილებულია, მათ შორის ძლიერ წაგრძელებული შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები შავია. ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე „სარკეა“, რომელიც წინიდან შემოვლებულია მოწაბლისფრო-ჟანგისფერი, ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა, ცალკეულ ბუმბულებზე აქვს ღია ფერის კიდეები და მურა ფერის ლაქები. ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა. ფრთაზე „სარკეს“ ელვარება არა აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით). დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა, კამჩატკა, კურილის კუნძულები, სახალინი, ზღვისპირეთი); სამხრეთით – შუა და ჩრდილოეთი ევროპა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ბელორუსია, ჩრდილოეთი უკრაინა; ყაზახეთსა და ციმბირში – 49-50-ე პარალელებამდე. ბევრგანაა იზოლირებული ბუდობები უფრო სამხრეთითაც, მათ შორის საქართველოშიც (ჯავახეთის ტბები). ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა. სსრ კავშირში ერთ-ერთი უმთავრესია კასპიის ზღვის სანაპიროები. მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.

ბიოტოპი

ღია ლანდშაფტი, უპირატესად ტყე-ტუნდრასა და ტუნდრის სამხრეთ რაიონებში; წყალსატევები, ბალახნარიანი და შლამიანი ნაპირებით.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჩვეულებრივად ღია ადგილას, ზოგან ჭალაში – დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს, თითქმის ამონაფენის გარეშე. მოგვიანებით მასში ბევრია ბუმბული. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22-23 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვები მცენარეულობაა. ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა, ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებსა და კენკრას. იკვებება ნაირგვარი წყლის უხერხემლო ცხოველებითაც.

მნიშვნელობა

დიდი სარეწაო მნიშვნელობის იხვია, რადგან ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები