ბოპი ფრანც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანც ბოპი – (Bopp 14. IX. 1791, მაინცი, – 23. X. 1867, ბერლინი), გერმანელი ენათმეცნიერი. ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი (1821-64), პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1822).

1816 გამოქვეყნდა მისი პირველი შრომა: „სანსკრიტის უღვლილების სისტემის შესახებ ბერძნულ, ლათინურ, სპარსულ და გერმანულ ენებთან შედარებით“, რომელმაც ინდოევროპულ ენათა ნათესაობის კვლევას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ინდოევროპულ ენათა შედარებითი გრამატიკის შედგენის პირველი ცდა. ფუნდამენტური სახე ეძლევა ინდოევროპულ ენათა კვლევის საქმეს მის სამტომიან ნაშრომში: „შედარებითი გრამატიკა სანსკრიტის, ზენდის, სომხურის, ბერძნულის, ლათინურის, ლიტვურის, ძველი სლავურის, გუთურისა და გერმანულისა“. პირველი გამოცემა გამოვიდა 1833–52, ხოლო მეორე, მთლიანად გადამუშავებული - 1857-61 წლებში (მესამე გამოცემა – 1868–71). მართალია, ბოპს ინდოევროპულ ენათა ნათესაობის დასამტკიცებლად ბგერათ შესატყვისობები არ დაუდგენია, მაგრამ მისი ანალიზი ძირითადად ემყარებოდა მასალას, რომელიც შემდეგ სხვა მკვლევრებმა გამოიყენეს მათ დასადგენად.

ბოპმა გამოთქვა აზრი ქართველურ ენათა ინდოევროპულ ენებთან ნათესაობის შესახებაც. ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური ენების შესახებ ბოპი მსჯელობს მ. ბროსეს, გ. როზენის და ი. კლაპროთის შრომების საფუძველზე. იგი კრიტიკულად ეკიდება სომხური ენის მეშვეობით ქართულის ინდოევროპულთან დაკავშირების ცდებს, რადგან თვლის, რომ თანხვედრის შემთხვევაში ჩვეულებრივ სესხებასთან გვაქვს საქმე. თავად ქართველურ ენათა მონაცემებს სანსკრიტს უდარებს. ამ კვლევის შედეგები წარმოდგენილი აქეს შრომაში, რომელიც წაიკითხა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე (1842), შემდეგ კი ნაშრომი სათაურით: „,ქართულის შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით“, დაიბეჭდა 1846, სადაც იგი წერდა: „თუ გვინდა, რომ დავასაბუთოთ უძველესი ნათესაობა ქართულსა და სანსკრიტს შორის, თვით სანსკრიტს უნდა მივმართოთ, რომელთანაც ქართულსა და ლაზსურს საყურადღებო თანხვედრები აქვთ, ამასთან, ენობრივი ორგანიზმის ყველა ნაწილში: სახელის ფლექსიაში, ზედსართავის ხარისხების წარმოებაში, ნაცვალსახელურ ძირებსა და ნაცვალსახელურ ფლექსიაში, რიცხვით სახელებში, ზმნის უღლებაში პირის, რიცხვის, დროისა და კილოს მიხედვით…“ ბოპის მიერ შედარებულ მასალაში წარმოდგენილია, მაგ., ნაცვალსახელები: ქართ. მე, ლაზ. მა – სკრ. mam „მე“. სვან. ნაი „ჩვენ“ – სკრ. na-s, ლათ. nos, იტალ. nio, ქართ. ესე, ესა – სკრ. esa. ქართ. იმან – სკრ. ima-m; ბრუნვის ნიშნები: ქართ. -ის – სკრ. sya; ქართ.-ითა – სკრ, -ie; რიცხვის ნიშნები: ქართ. -ნი – სკრ. -ni; უარყოფის ნაწილაკი: ქართ. ნუ – სკრ. na; ბოპი მსგავსებას ხედაეს ზმნაში მრავლობითი რიცხვისა და იმპერფექტის წარმოებაში; ერთმანეთთან აკავშირებს რიცხვით სახელებს: ქართ. ექვსი – სკრ. sas – ლათ. aex; ქართ. შვიდი – სკრ. sapta; მეშველ ზმნას: არის – სკრ. as. ლათ. eram, ero, ინგლ. ar-tar-e.; მას წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი ქართველურ-ინდოევროპული ლექსიკური შეხვედრები, რომლებიც დღესაც ფიგურირებენ.

ი. მელიქიშვილი



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ. 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები