გრიგოლაშვილი ბორის
ბორის არკადის ძე გრიგოლაშვილი – (დ. 26 ოქტომბერი 1933 – გ. 29 ოქტომბერი 1993), ქართველი გენერალ-მაიორი (26.10.1993).
დაიბადა ქალაქ თბილისში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის No25 საშუალო სკოლა.
1947-1951 წლებში სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში. 1951-1953 წლებში მუშაობდა ტექნიკოს-ტოპოგრაფად.
1953-1956 წლებში სწავლობდა თბილისის ქვეით სასწავლებელში. 1956-1989 წლებში საბჭოთა არმიაში სამხედრო სამსახურის გავლისას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის იყო ოცმეთაური, ასმეთაური, პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე, ბატალიონის შტაბის უფროსი, ბატალიონის მეთაური, პოლკის შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე, სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი.
1980 წელს ენიჭება პოლკოვნიკის წოდება.
1988 წლამდე მსახურობდა საბჭოთა არმიაში. გადადგა სამხედრო სამსახურიდან ასაკის გამო. 1988-1992 წწ. იმყოფებოდა თადარიგში, მუშაობდა გაერთიანება „საქავტოგაზში“ სამხედრო- სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების უფროსად.
1992 წლიდან მსახურობდა ქართულ არმიაში. იყო ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსის მოადგილე – ოპერატიული სამმართველოს უფროსი.
1992-1993 წლებში ბორის გრიგოლაშვილი მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი. მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მრავალი სამხედრო ოპერაცია.
1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი I საარმიო კორპუსის შტაბის უფროსის პირველი მოადგილეა. აქვე ენიჭება გენერალ-მაიორის წოდება.
1993 წლის 26 ოქტომბერს სენაკის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან 29 ოქტომბერს გარდაიცვალა ქუთაისის ჰოსპიტალში.
„ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყოფილი სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატებისათვის, შემუშავებული და განხორციელებული საბრძოლო ოპერაციებისათვის“ გენერალ-მაიორი ბორის გრიგოლაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
დაკრძალულია თბილისში.