სამოქალაქო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო თავდაცვა – ზოგიერთ ქვეყანაში ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია დასაცავად მოამზადოს და დაიცვას მოსახლეობა, ქვეყნის მატერიალური და კულტურული ღირებულებები იმ საშიშროებებისგან, რომლებიც წარმოიშობა საომარი მოქმედებების დროს და მათ შედეგად.

სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი ამოცანებია:

  • შეასწავლოს მოსახლეობას დაცვის ხერხები, გააფრთხილოს მოსახლეობა, გახიზნოს იგი უსაფრთხო რაიონებში, მისცეს თავშესაფარი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • განახორციელოს შუქშენიღბვის ღონისძიებები, საავარიო, სამაშველო სამუშაოები; ებრძოლოს ხანძრებს, გამოავლინოს და მონიშნოს რადიაქტიური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვაგვარი დასნებოვნების რაიონები.
  • ამავე დროს უზრუნველყოს მოსახლეობის, ტექნიკის, შენობების, ტერიტორიის დასნებოვნებისგან დაცვა, აღადგინოს და დაიცვას წესრიგი დაზარალებულ რაიონებში, შეიმუშაოს და გაატაროს ღონისძიებები ეკონომიკის ობიექტების შესანარჩუნებლად.

სამოქალაქო თავდაცვა ეწყობა ტერიტორიული საწარმოო პრინციპის მიხედვით. მისი წარმართვისთვის მზადება ხდება წინასწარ, მშვიდობიანობის დროს. სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების გახორციელება იწყება ომის გამოცხადების მომენტიდან, საომარი მოქმედებების ფაქტობრივი დაწყების ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ.

XX საუკუნის 50-60 წლებში სამოქალაქო თავდაცვა ჩამოყალიბდა მეტწილ დიდ სახელმწიფოებში (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბჭოთა კავშირი, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია და სხვა).

სამოქალაქო თავდაცვა საქმიანობას განსაზღვრავს სპეციალური კანონმდებლობა. მისი ხელმძღვანელობა ხორციელდება თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით; ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ახორციელებს საგანგებო მართვის ფედერალური სააგენტო. ნატოში შექმნილია სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტი.

1972 წლიდან არსებობს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის განვითარებად სახელმწიფოებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები