ბორობუდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორობუდური

ბორობუდური, (ბარაბუდური) – მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავას ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული ზარის ფორმის სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება. მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 40 კმ-ით ჩრდილოეთით, ორ ტყუპ ვულკანსა (სუნდორო-სუმბინგი და მერბაბუ-მერაპი) და ორ მდინარეს (პროგო და ელო) შორის, შემაღლებულ ადგილას.

ბორობუდური პანორამული ზედხედი

ბორობუდური ნაგებია, როგორც ერთი, ცალკეული დიდი სტუპა. მისი ხედი სიმაღლიდან ვაჯრაიანა ბუდიზმის გიგანტური მანდალის ფორმას იღებს, რაც ერთდროულად განასახიერებს ბუდისტურ კოსმოლიგიასა და აზროვნების ბუნებას. საძირკველი კვადრატულია, დაახლოებით 118 მეტრი ყოველ მხარეს. აქვს ცხრა პლატფორმა, რომელთაგან ქვედა ექვსი მართკუთხაა, ზედა სამი კი წრიული. ზედა პლატფორმებზე განლაგებულია ოცდაორი პატარა სტუპა, რომლებიც გარს ერტყმის ერთ დიდ ცენტრალურ სტუპას. თითოეული სტუპა სათუთად ნაკვეთია და გამოირჩევა მრავალი დეკორატიული ნახვრეტით. ბუდას ქანდაკებები ჩამწკრივებულია გამოკვეთილი შესასვლელების მიღმა. მონუმენტის სამი დანაყოფი განასახიერებს ბუდისტური კოსმოლოგიის სამ „სამეფოს”, რომელთაც ეწოდებათ კამადჰატუ (სურვილების სამყარო), რუპადჰატუ (ფორმების სამყარო) და ბოლოს არუპადჰატუ (უფორმო სამყარო).

ბუდას ქანდაკება

საძირკვლის, მთავარი და ზედა ნაწილების 4:6:9 სიმაღლის პროპორციის შესაბამისად, ბორობუდურის მშენებლობისათვის ახლომდებარე ქვის კარიერიდან 55 000 კუბური მეტრი ანდეზიტის ქვა იქნა მიზიდული. ქვები ზომებად დაიჭრა, შემდეგ გადაიტანეს მშენებლობის ადგილზე და ერთმანეთზე დააწყვეს კირხსნარის გარეშე. ქვების შესაერთებლად გამოყენებულია კოპები, კბილანები და მაკრატლები. ბარელიეფები შეიქმნა მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილზე. მონუმენტი აღჭურვილია კარგი სადრენაჟო სისტემით, რაც აუცილებელი იყო დატბორვის თავიდან ასაცილებლად. ყველა კუთხესთან დაყენებულია 100 საწვეთური და თითოეული მათგანისთვის მიცემულია უნიკალური, გიგანტის ფორმის გორგულია. მთავარი სტრუქტურა შეიძლება დაიყოს სამ კომპონენტად: საძირკველი, მთავარი ნაწილი და ზედა ნაწილი. საძირკვლის ზომებია 118×118 მ, სისქე – 4 მ. მთავარი ნაწილი შედგება ხუთი მართკუთხა პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე თანდათან მცირდება. პირველი ტერასა საძირკვლის კიდეს შვიდი მეტრითაა დაცილებული. ყოველი მომდევნო ტერასა წინა კიდეს ორი მეტრით შორდება, რაც თითოეულ სართულზე ვიწრო კორიდორს ტოვებს. ზედა ნაწილი შედგება სამი წრიული პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე კონცენტრულ წრეებად ჩამწკრივებულია სტუპები. ცენტრში აღმართულია მთავარი გუმბათი, რომელიც მონუმენტის უმაღლესი მწვერვალია და მიწის ზედაპირიდან 35 მეტრ სიმაღლეზეა. ოთხივე მხრიდან, მწვერვალისკენ მიემართება კიბეები, რამდენიმე თაღოვანი შესასვლელითა და აღმართული ლომის 32 ქანდაკებით. ბორცვის ფერდობებზე არსებული კიბეები მონუმენტს ასევე აკავშირებს შედარებით დაბლა არსებულ ვაკესთან. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები