ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, მცირე კავკასიონზე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. მისი უდიდესი ნაწილი მდებარეობს მესხეთის ქედის ფერდობებზე.

პარკის ისტორია გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და რუსეთის საიმპერატორო ოჯახს უკავშირდება. მოგვიანებით, 1926 წელს შეიქმნა ბორჯომის ნაკრძალი, 2006 წელს ეროვნულ პარკს და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ნეძვის აღკვეთილიც შეემატა, რის შემდეგაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთო ფართობმა 85 000 ჰექტარს მიაღწია, ეს კი საქართველოს ტერიტორიის 1%-ია. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა და გამოირჩევა მდიდარი მრავალფეროვნებით – ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი ტყის მასივები, ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა. 2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელს – პან პარკს-ის წევრი გახდა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბორჯომის ნაწილში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ უბანში – მდინარეების ბანისხევის, სამოთხისღელისა და ზანავის ხეობებში აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელ მცენარეულობასთან ერთად გავრცელებულია ნამდვილი კოლხური ტყეებიც. ამ ხეობებში მცენარეულობის სტრუქტურა და განლაგება ძალიან ზოგადად ასეთია: ზღვის დონიდან 750-800მ-დან 1300მ-მდე გავრცელებულია წიფლნარები, ნაძვნარები და წიფლნარ-ნაძვნარები კოლხური ქვეტყით; სამხრეთ ფერდობებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია, რომელთა ქვეტყე აგრეთვე კოლხურია. მდინარე ბანისხევის ხეობაში ზღვის დონიდან 1350-1400მ-დან 1750-1800მ-მდე ფერდობები მეტწილად ნაძვნარებითაა დაფარული, ზოგან სოჭის მცირე კორომებიცაა. არაკოლხურ დაჯგუფებათაგან ჩვეულებრივია ნაძვნარი და წიფლნარ-ნაძვნარი მთის წივანას, მაყვლის დახავსების საფარით. 1800მ-ს ზემოთ გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალბალახეულობა და მდელოები.

მდინარეების ქვაბისხევის, ზორეთისწყლისა და ბაღებისღელის ხეობების მცენარეულობა სხვაგვარია. რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოს ტენიანი კლიმატის გავლენა ამ ხეობებში უმნიშვნელოა. ზღვის დონიდან 200მ-დან 1100მ-მდე გავრცელებულია ქართული მუხის ტყეები და მათი გაჩეხვის შემდგომი მეორადი მცენარეულობა. 1100მ-დან 1300-1350მ-მდე ფიჭვის ტყეებია გავრცელებული.

სხვა დაცულ ტერიტორიებთან შედარებით პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის უბანი), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებისთვის პარკში მდებარე მრავალი კომფორტული თავშესაფრია.

ცხოველთა სამყაროს თვალსაზრისით ნაკრძალი საკმაოდ მდიდარია. აქ გვხვდება: ირემი, შველი, არჩვი, გარეული კატა, ფოცხვერი, მურა დათვი, წავი, კვერნა და სხვ. აკლიმატიზებულია ტელეუტური ციყვი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები