ბროწლეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბროწლეთის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთის სასაფლაოზე. წარმოადგენს ერთმანეთზე მიდგმულ ორ დარბაზულ ეკლესიას.

სამხრეთით მდგარი ეკლესია (7,4 X 4 მ) თარიღდება განვირებულითა ფეოდლურია ხანით. ჩრდილოეთისა (7,9 X 5,5 მ) გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. შენობები ერთმანეთს უკავშირდება კარით, რომელიც საერთო გრძივი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორივე ეკლესიის აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები ერთმანეთს აცდენილია. ეკლესიები ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია კარგად გათლილი ღვინისფერი ტუფის დიდი ზომის ქვები. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ადრინდელი დანგრეული ეკლესია შეუკეთებია; აღუდგენია და ახალი, მეორე ეკლესია აუშენებია თავად მანუჩარ თუმანოვის (თუმანიშვილის) ასულს სალომე სულხანოვისას (სულხანიშვილისა). ეკლესია მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებსაც შეუკეთებიათ.

სარჩევი

ჩრდილოეთის ეკლესია

ჩრდილოეთის ეკლესია უკეთაა შემონახული. აქვს ორი შესასვლელი. დასავლეთით, კედლის შუაში მთავარი შესასვლელია, რომელიც გარედან მოჩარჩოებულია სწორკუთხა, ოდნავ ჩაწეული სიბრტყით. სიბრტყეს კუთხით დალაგებული აგურის ერთი რიგი ამთავრებს, თაღი კედლის სისქეში ჩადის. მეორე, ჩრდილოეთით თაღოვანი, სამხრეთ ეკლესიის მხარეს სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში, პილასტრთანაა. ორივე შესასვლელს აქვს ნაოთხალები. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში – თაღოვანი წრიული ნიშები. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი კაპიტელებით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ებჯინება სატრიუმფო თაღი. აფსიდის იატაკი დარბაზისაგან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. ჩრდილოეთი სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა დასავლეთის სარკმელი გვიანდელია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრებია. დასავლეთის კედელზე კუთხის პილისტრებია. პილასტრები მთავრდება ორსაფეხურიანი იმპოსტებით, რომლებზედაც გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხუროვან პირამიდაზე დაფუძნებული ჯვარი. ამ ფასადზევეა ჩადგმული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს აღმდგენლის (ამშენებლის) ვინაობას.

სამხრეთით მდგარი ეკლესია

სამხრეთით მდგარი ეკლესია სანახევროდ დანგრეულია (კედლები შემორჩენილია 2,5 მ სიმაღლეზე). ჩრდილოეთ ეკლესიის აშენების შემდეგ ასრულებს მინაშენის ფუნქციას. გეგმით ჩრდილოეთ ეკლესიის მსგავსია. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედელში, პილასტრის დასავლეთითაა. აფსიდში შემორჩენილია ორი ღრმა სწორკუთხოვანი ნიში. გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთის კედელზე კუთხის პილასტრებია. ამჟამად ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის პირი მთელ სიგრძეზე ჩამალულია ჩრდილოეთ ეკლესიის კედლის წყობაში, რომელშიც ჩაშენებულია ამ კედლის პილასტრებიც. სამხრეთ ფასადზე, ტიმპანის ქვაზე, რელიეფური ჯვარია, რომლის ორივე მხარეს გამოკვეთილია ცხოველთა ფიგურები. აღმოსავლეთით ასომთავრული წარწერაა.

ბიბლიოგრაფია

  • ბროწლეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.51. სოფ. ბროწლეთის ღვთისმშობლის სახელობისა და გვიანფეოდალური ხანის დარბაზული ტიპის ეკლესიებისის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოკლე ცნობა ტიმპანის ქვაზე გამოსახული ჯვრისა და მის ორივე მხარეს გამოკვეთილი ცხოველთა ფიგურების შესახებ. ტექსტს ერთვის ფასადის, განაკვეთისა და გეგმის ნახაზები.
  • ბროწლის სასაფლაოს ღვთისმშობლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები