ბრჭყალები (პუნქტუაცია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრჭყალები – ორი წყვილი სასვენი ნიშანი, რომელიც შედგება მიმართულებით განსხვავებული ქვედა და ზედა წყვილი მძიმისაგან („“) ან ერთმანეთის შემხვედრი ორი წყვილი კუთხოვანი ნიშნისაგან (« »).

ბრჭყალები იხმარება:

1. სხვისი ნათქვამის, ციტატის მოყვანისას ან ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო, სავაჭრო და კულტურული ობიექტების (კინო-თეატრების, სასტუმროს, გემების…), ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის… ლიტერატურული, მუსიკალური და მისთ., ნაწარმოებების სახელწოდება-სათაურის დასახელებისას: „ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი“, „სხვასაქართველო სად არი?“ „აქ დაიბადა «სულიკო»“, „მზისკენ გაფრინდა «მერანი»“ (ა. კალანდაძე);

2. ტექსტში სიტყვის ან მისი ნაწილის გამოსაყოფად: „ასეთნაირად დავნამცეცდით, რომ დიდი სიტყვა „მამულიც“ გავანამცეცეთ“ (ი. ჭავჭავაძე);

3. უცხოური სიტყვის ფონეტიკურ თავისებურებათა დედაენის ასოებით (ერთგვარი დამახინჯებითაც) გადმოსაცემად: „ამ შემთხვევაში მუშაობს… გრინობა „კლიაუზნიკობისა“. „კლიაუზნი“ ხალხნი ვართ და რა ექნათ“ (ვაჟა-ფშაველა);

4. ირონიული შეფასების გამოსახატავად: „ჩვენი «უშიშარი გმირები» კისრისტეხით გარბოდნენ იქიდან“. ირონიულად ნახმარ სიტყვასა თუ გამოთქმას ხშირად უძღვის სიტყვათშეხამება „ეგრეთ წოდებული“ (შემოკლებით – ე. წ.: „ამისთანა საქმე მოსდის… ერთს მოძღვრებასაც, რომელიც ეგრეთ წოდებულ „დედათა უფლების საქმეს“ შეეხება” (ჭავჭავაძე ილია).

ზოგჯერ, განსაკუთრებით უფროსი თაობის მეტყველებაში, ტერმინი „ბრჭყალები“ მოიხსენიება „წინწკლებადაც“.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები