ბუაჩიძე ანდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუაჩიძე ანდრო − (1957), პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. 1979 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „საუბარი წყვდიადში“ (1997), „ელნათურები“ (2004); თარგმნილი აქვს რუსული პოეზიის საუკეთესო წარმომადგენელთა პოეზიის ნიმუშები.
- ფითრის ფარაჯა
- გამღვიძებია ღამე ლოგინში,
- შემომყინვია მთვარე სახეში,
- მობეზრდა, ალბათ, მთვარეს ბოგინი,
- შემშინებია გულის გაგლეჯვის.
- აქვე ცხოვრობენ, აქვე არიან,
- ამ ჩემი დარდის მოწილადენი,
- ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია,
- უკვე ბევრია, ღმერთო... რამდენი!
- გამღვიძებია კვლავაც ლოგინში
- და თავზე ღამე დამთენებია,
- მომბეზრებია სიზმრად ბოგინი,
- მერე მიმხვდარვარ: არ მძინებია;
- ეს რა მიქნია, რა მიცხოვრია,
- ცხოვრება ხელში გამცურებია,
- და მერე აღარც დამხსომებია,
- რა მყვარებია, რა მძულებია.
- გამღვიძებია ღამე ლოგინში,
- შემომყინვია მთვარე სახეში,
- მუდამ უძილო და ძილმოგვრილი
- მოლოდინში ვარ გულის გაგლეჯვის.
- ღმერთო, ეს მთვარე ჩემს ფანჯარასთან
- თვალივით ელავს და იწკურება,
- როდის გაიხდის ფითრის ფარაჯას
- და როგორ შევძლებ ამის ყურებას.