ბუგაკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუგაკუს ნიღბები

ბუგაკუ – (იაპ). თეატრის ერთ-ერთი ტრადიციული ნაირსახეობა იაპონიაში (ჩაისახა VII-VIII სს.), გადმოღებულ იქნა აზიის ქვეყნებიდან (კორეა, ჩინეთი, ინდონეზია, ინდოეთი) და განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-12 საუკუნის დასაწყისამდე (ბუგაკუს აღმავლობის ხანად მიჩნეულია მე-8-9 საუკუნეები).

მე-8 საუკუნის ბოლოს და მე-9 საუკუნის დასაწყისში ბუგაკუს ასრულებდნენ პროფესიონალი მსახიობები. სამსახიობო ტრადიციები თეატრალურ ოჯახებში მემკვიდრეობით გადაეცემოდა. შემდგომში ეს მემკვიდრეობა შეეხო იაპონიის თეატრის ყველა კლასიკურ სახეობას.

ბუგაკუს წარმოდგენები ტარდება ღაჟღაჟა წითელი ლაქით დაფარულ ხის ფიცარნაგებზე, რომლებიც ტაძრების წინ ან სასახლეების ტერიტორიაზე მდებარეობს. სცენური მოდელის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ძირითადად ცეკვებისთვისაა განკუთვნილი, ამაღლებულია და წითელი ლაქითაა შეღებილი. ზოგიერთ ტაძარში არსებობს მიწის ან ქვის მუდმივი სცენა ბუგაკუს წარმოდგენებისათვის. შემსრულებლებს აცვიათ ჭრელი, არაიაპონური კოსტიუმები და უკეთიათ ხის, მკვეთრი ფერებით შეღებილი საშინელი ნიღბები, რაც სანახაობას სრულიად განსაკუთრებულს ხდის. ცეკვა და სიმღერა სრულდება მუსიკის ფონზე (გაგკუ). ფიცარნაგის შორიახლოს ორივე მხარეს დგას დიდი დოლები (მაგ, დადაიკო დაახლოებით 3 მეტრზე მეტი სიმაღლისაა). სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია ბივა (ბარბითი, მუღნი) და კოტო (არფისა და ციტრას მსგავსი 13 სიმიანი საკრავი), შიოო (ფლეიტის მსგავსი), ჰიჩირიკი (თავისებური სალამურია), დოლები (ტაიკო) და გონგი (შოოკო).

ბუგაკუს ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა იაპონური თეატრალური ხელოვნების ფორმირებაზე. მისი ცალკეული ელემენტები საფუძვლად დაედო იაპონურ ნაციონალურ მუსიკას, ქორეოგრაფიას და კლასიკური თეატრის პირველწყაროდ იქცა.

მე-12 საუკუნის დასაწყისში ბუგაკუს ხელოვნება განიცდის რეგრესს. იგი შეცვალა მუსიკალური წარმოდგენების ახალმა სახეობამ – დენგაკუმ და სარუგაკუმ. თუმცაღა ბუგაკუს ხელოვნება არ გამქრალა. თანამედროვე იაპონიაში იგი სარგებლობს იმპერატორის მფარველობით და შემონახულია ცალკეულ ბუდისტურ და შინტოისტურ ტაძრებში. მისი ტრადიციები თანამდროვე იაპონურმა თეატრმაც შემოინახა. ცეკვები სრულდება წყვილებით (ცუგუინომაი). პირველ ნაწილს ეწოდება ომაგაკუ (კეთილშობილი მუსიკა), მეორეს – ტობუ (საპასუხო ცეკვა, სიტყვასიტყვით ნიშნავს ფრენას).

1955 წელს იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუგაკუს დასი „ცოცხალ ნაციონალურ საგანძურად“ გამოცხადდა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები