ბუკიოტი
ბუკიოტი (ლათ. Aegolius funereus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ბუკიოტი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბუსნაირნი (Strigiformes)
- ოჯახი − ბუსებრნი (Strigidae)
- გვარი − ბუკიოტი (Aegolius)
ბუკიოტი ბუსნაირთა შორის ერთ-ერთი პატარა ფრინველია. ფრთა 145-175 მმ-ია, ნისკარტი – 10-11 მმ, წონა – 105-190 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა ფერისაა, თავზე, კისერზე, მხრებსა და ფრთების ზემო მფარავებზე თეთრი ლაქებით. კეფაზე წვრილი და ხშირი, ხოლო კისრის უკანა ნაწილზე – უფრო მსხვილი თეთრი წინწკლებია. ზურგი ერთფეროვანი მურაა. პირველი რიგის მომქნევები ღია მურაა, თეთრი ლაქებით. საჭის ბუმბულები მურაა, მოგრძო ღია ფერის ლაქებით. დაკეცილ კუდზე ეს ლაქები წარმოქმნიან 5-6 ღია ფერის განივ ზოლს. სახის დისკო თეთრია, მაგრამ თვალებთან და ყურებთან მურა სიჭრელეა, ხოლო თვალების წინ – შავი ლაქები. ნისკარტი ყვითელია, გალო შემოსილი, ბრჭყალები შავი.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ბუკიოტი – A. f. caucasicus Buturlin, 1907. იგი ზურგის მხარეს მურა-ყავისფერია. მხრებზე მუქი მურა ფერი სჭარბობს ღია ფერის სიჭრელეს. საჭის ბუმბულებზე 3-4 თეთრი განივი ზოლია. მუცლის მხარე ძლიერაა დაწინწკლული მურა ფერით. ფეხების ბუმბულსაფარველზეც ყოველთვისაა მურა წინწკლები.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას – ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, კამჩატკამდე და კურილის კუნძულებამდე; ჩრდილოეთით ვრცელდება მაღალტანიანი ტყის ზონის საზღვრამდე, ხოლო სამხრეთით მოიპოვება პირენეიდან და ალპებიდან, ბალკანეთამდე და კავკასიამდე; აზიაში ბუდობს ტარბაგატაის, ტიანშანის, ზერავშანის ქედებზე და ჩრდილოეთ მონგოლეთში. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია ტყის ჩრდილოეთი საზღვრიდან ბრიტანეთის კოლუმბიამდე, წმინდა ლავრენტის ყურემდე და ახალ შოტლანდიამდე. საქართველოს ფარგლებში მობინადრეა.
ბიოტოპი
ჩრდილოეთში ბინადრობს ტაიგაში; სამხრეთში – უპირატესად მთების წიწვიან ან შერეულ ტყეებში. კავკასიაში, მათ შორის საქართველოშიც მოიპოვება როგორც წიწვიან, ისე ფოთლოვან ტყეებში.
გამრავლება
ბუდობს ხის ფუღუროებში, ხალისით სახლდება შავი კოდალას ბუდეში. აპრილის მეორე ნახევარში დებს 4-6 კვერცხს, თუმცა ნაყოფიერება გარკვეულ კავშირშია თაგვისებური მღრღნელების რიცხობრიობასთან. ამიტომ კვერცხების რაოდენობამ შეიძლება 10-მდეც მიაღწიოს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 28-30 დღემდე გრძელდება. კავკასიური ქვესახეობის ეკოლოგია შეუსწავლელია.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ წვრილი ძუძუმწოვრები, უპირატესად თაგვისებური მღრღნელები. იჭერს პატარა ფრინველებსაც, მაგრამ ამას მხოლოდ შემთხვევითი ხასიათი აქვს.
მნიშვნელობა
მავნე თაგვისებური მღრღნელების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.