ბუნებრივი ასფალტი
ბუნებრივი ასფალტი – მაგარი ადვილადდნობადი შავი ფერის მბრწყინავი მასა. სიმკვრივე – 1100 კგ/მ3, დნობის ტემპერატურა – 20-100°C. შეიცავს ზეთებსა (25-40%) და ასფალტურ ფისოვან ნივთიერებებს (60-75%). ქიმიური ელემენტების შემცველობა შემდეგია: ნახშირბადი – 80-85%, წყალბადი – 10-12%, გოგირდი – 0,1-10% და ჟანგბადი – 2-3%. წარმოიქმნება ნავთობის მძიმე ფრაქციის ან მისი ნარჩენებისაგან მსუბუქი მდგენელების აორთქლებისა და ჟანგვის შედეგად, ჰიპერგენეზის გავლენით. გვხვდება ფენოვანი ძარღვული ბუდობების სახით, აგრეთვე გაჟღენთილი ფენებისა და ტბების სახით იქ, სადაც ნავთობი ბუნებრივად ამოდის მიწის ზედაპირზე. ასეთ ქანებში ასფალტის შემცველობა 2-20%-ია. საქართველოში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვ. საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი საბადოებია: ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკაში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, კანადაში, ისრაელის სახელმწიფოში, კუნძულ ტრინიდადზე და სხვ.