ბურდე ჟილდას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურდე ჟილდას - (ფრ. BOURDET GILDAS). XX საუკუნის ფრანგი რეჟისორი და სცენოგრაფი.

ბიოგრაფია

ჟილდას ბურდე დაიბადა 1947 წელს არვში (სენ-მარტენი). შემოქმედებას მხატვრობით იწყებს, ხოლო 1967 წლიდან შედის არვის თეატრის მოყვარულთა დასში, სადაც კოსტიუმებისა და დეკორაციის დიდ ნაწილს თვითვე ამზადებს. 1969 წლიდან სალამანდრის თეატრის წევრი და დამფუძნებელია. შემდგომში ეს თეატრი პროფესიულ დასად გარდაიქმნება. მისი პირველი დადგმა გახლდათ „პრევერი, ანუ ხელოვნების იუმორი“ („Prevert ou l’humeur de l’art“). 1972 წლიდან ბურდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება, ხოლო მის მიერ განხორციელებული სპექტაკლის - „ჟან ბატისტ პოკელენის ე. წ. მოლიერის“ შემდეგ იგი წარადგინეს ჩრდილოეთის ნაციონალური დრამატული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

აქ იგი აგრძელებს რეჟისორობას, რაც მიმართულია ძიებებისა და განახლებისკენ; ახორციელებს ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენს“, რასინის „ბრიტანიკუსს“ გაითამაშებს მუზეუმში, ხოლო გორკის „ფსკერის“ პერსონაჟებს გაათანამედროვებს.

1982 წელს პალე დე ვალეს სალამანდრას თეატრი რეგიონის ნაციონალური თეატრის სახელს იძენს. ბურდე მუშაობას იწყებს მარივოსა და ლაბიშის პიესებზე კომედი ფრანსეზსა და ოპერისათვის და ასევე პროვანსში ექსის ფესტივალზე გასატანად.

1995 წლიდან მარსელ მარეშალის ნაციონალურ თეატრში დგამს ჯერ „სეჩუანელ კეთილ ადამიანს“ ბრეხტის მიხედვით, ხოლო შემდეგ რომან ვეინგარტენის „ავგუსტის სიკვდილს“, რომელშიც მიუზიკ-ჰოლისა და ცირკის ელემენტები შეიტანა.

ბურდესთვის, როგორც თეატრალური მოაზროვნისთვის, ეკლექტიზმი თეატრის მისეული ხედვიდან მომდინარეობს - თეატრის, როგორც საზოგადოებაში არსებული პრობლემების ამსახველისა, სადაც დაცინვა, იუმორი ადამიანთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ემსახურება და ამავე დროს ადამიანობის აუცილებელი საზომია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები