ბუტაფორია
ბუტაფორია – თეატრალურ წარმოდგენებში გამოყენებული, ნამდვილს მიმსგავსებული საგნები – ავეჯი, ქანდაკება, ჭურჭელი, სამკაული და სხვ., დამზადებული ძირითადად მსუბუქი მასალისგან (მუყაო, თუნუქი, პაპიე-მაშე, ხე, ტილო და ა.შ.). ამასთანავე, ბუტაფორული საგნები უნდა იყოს მყარი და გარეგნულად გამომსახველი.
თეატრი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სარგებლობდა ბუტაფორული საგნებით. ბუტაფორია ფართოდ იყო გამოყენებული კომედია დელ’არტეში, კომედიურ სპექტაკლებში და კომიკურ ოპერაში. XVII-XVIII საუკუნეების კლასიცისტურმა თეატრმა ბუტაფორია თითქმის მთლიანად განდევნა სცენიდან. მას ძუნწად იყენებდა ბურჟუაზიული დრამაც (XVIII ს.). ისტორიული თემატიკით გატაცებამ, მდიდრულმა საოპერო და საბალეტო დადგმებმა XIX საუკუნის შუახანებში ბუტაფორია კვლავ მნიშვნელოვან სასცენო კომპონენტად აქცია. ინგლისელი რეჟისორი ჩ. კინი არქეოლოგის გულმოდგინებით არჩევდა ბუტაფორიას შექსპირის პიესების დასადგმელად. ბუტაფორიამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა მეინინგელების სპექტაკლებში. ნატურალისტური თეატრი ფართოდ იყენებდა ბუტაფორიას ყოფით დრამებში. თანამედროვე თეატრში ბუტაფორია ძირითადად სპექტაკლის გაფორმების მხატვრული ელემენტია და მას უფრო ხშირად იყენებენ პაროდიულ-გროტესკული გააზრებისათვის.
ყალბი, არანამდვილი საგნები – ქანდაკება, ავეჯი, ჭურჭელი, მოსართავი, ტანსაცმლის დეტალები და ა.შ., რომლებიც თეატრალურ სპექტაკლში ნამდვილი საგნების ნაცვლად გამოიყენება. ბუტაფორიული საგანი ორიგინალის ზუსტი პირი როდია, მისგან განსხვავდება როგორც მასალით ასევე ფორმით, ზომით, ფერით, რასაც განაპირობებს სპექტაკლის ხასიათი და სცენის სპეციფიკური მოთხოვნები. ბეტაფორიას თეატრი იყენებს მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ბუტაფორულ საგნებს ხმარობდნენ საბაზრო თეატრის ქილიკები, ფარსის შემსრულებელი მსახიობები. ბუტაფორია ფართოდ გამოიყენებოდა პროფესიულ იტალიურ თეატრ კომედია დელ არტეში (XVI საუკ.), შემდეგში მას იყენებდნენ აგრეთვე კომიკური ოპერის სპექტაკლებში (XVII – XVIII საუკ.).