ბუხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუხარი

ბუხარი - საცხოვრებელი ნაგებობის გასათბობი საშუალება. გათბობის გარდა ბუხარი იქცა სახლის სამკაულად და ამიტომ მისი გაფორმება უფრო და უფრო დაიხვეწა. ქართულ სინამდვილეში ბუხრის მშენებლობის ხერხები და ფორმები შემოტანილია გარედან, მაგრამ საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა განაპირობა მისი გაფორმების ეროვნული სტილი.

ბუხარი

ბუხრის მშენებლობა საქართველოში პროფესიული ხასიათის იყო. სპეციალობა „მებუხრე“ სწორედ ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა. ბუხრის მშენებლობას გააჩნია საგანგებო წესები, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ასევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში; ეს განსაკუთრებით ეხება ბუხრის იმ ნაწილების ქვას, სადაც ცეცხლი ინთება და საამისოდ შერჩეული უნდა იყოს ისეთი ჯიში, რომელიც ცეცხლგამძლეა. საბუხრე ქვა უნდა იყოს სუფთა - უტალო, უარტაშანო. მხოლოდ რკინის იარაღით მოჭრილი და არა აფეთქების გზით მოპოვებული, რადგან ასეთი ხერხი „ლახავს“, აზიანებს ქვის სტრუქტურას და მალე გამოვა მწყობრიდან.

ბუხარს აქვს: ყვერბი. ტაფა - სადაც ცეცხლი ინთება, ფეხები, ზურგი, წინპირი, სასანთლე// თარო, ყელი, ქუდი, კალამი. ბუხრის ავკარგიანობისათვის უმთავრესია წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე მხარე გულამოღებულია, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებლივ მოძრაობას ქვემოდან ზევით. ბუხრის წინპირი, სასანთლე და ყელი კეთდება საუკეთესო თეთრი ქვით, რომელიც უნდა იყოს „რბილი“ თვისებისა, რაც აუცილებელი პირობაა მხატვრული სიუჟეტისა და ჩუქურთმების გამოხატვისათვის.

ფეხებიანი ბუხრების გარდა საქართველოში გავრცელებული იყო კომპლექსური ბუხარი - რამდენიმე ოთახის გასათბობად და დაკიდებული ბუხარი - რომლის წინპირი ჩვეულებრივ ფეხებიან ბუხართან შედარებით გამოწეულია და იქმნება დიდი მოცულობა მძლავრი ცეცხლის დასანთებად. ასეთი ბუხრები ძირითადად სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა.

საქართველოში, ბუხრების მშენებლობაში, სრულყოფილად გამოვლინდა ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიურ აპოთროპეული დანიშნულების სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში გამოხატული იყო კერასა და დედაბოძზე. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს კოსმოგონიურ გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტს - განსაკუთრებით სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს - ნაირგვარ ბორჯღალებს, რომლებიც არცთუ იშვიათად ამკობენ ბუხრის „მუხლებსა“ და წინპირებს. რაც შეეხება ზოომორფულ მოტივს, საქართველოში არსებულ ბუხრებზე დასტურდება ლომის, არჩვის, ირმისა, ფრინველის გამოსახულებანი. ყველაფერი ეს ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენების დანაშრევს წარმოადგენს.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები