გაბრიელი (გეგენავა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელი (გეგენავა) – XVII ს. სასულიერო პირი, დიპლომატი.

ლევან II დადიანის მიერ 1636 წ. ივლისში რუსეთში გაიგზავნა ელჩობა კარის ეკლესიის მღვდელის – გაბრიელ თევდორეს ძე გეგენავას ხელმძღვანელობით. ოსმალეთსა და ირანს შორის გადანაწილებულ საქართველოში XVII ს. 30-იან წლებში ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური დაჯგუფება ჩამოყალიბდა – ერთი მხრივ, რუსეთზე ორიენტირებული კახეთის მეფე თეიმურაზ I და იმერეთის მეფე გიორგი III; მეორე მხრივ, ირანის მიერ ქართლში დასმული როსტომ მეფე და ლევან II დადიანი. 1635 წ., როცა ირანის სამფლობელოებში შეჭრილმა ოსმალეთმა სერიოზულ სამხედრო წარმატებებს მიაღწია, თეიმურაზ I-მა, თავისი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, საკუთარი ელჩი მოსკოვში მიავლინა. ყოველივე ამით როსტომ მეფის მდგომარეობა გართულდა, ლევან II დადიანი კი პოლიტ. იზოლაციის მისგან უკმაყოფილო ოსმალეთისა და ასევე კახეთ-იმერეთის პირისპირ მარტო დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში გადაწყდა გაბრიელის მივლინება მოსკოვში.

1636 წ. 24 ივლისს გაბრიელი ყაბარდოს მმართველ ალეგუკოსთან ჩავიდა, საიდანაც იმავე წლის 11 აგვისტოს თერგის რუსულ საგუშაგოზე მიიყვანეს. იქიდან კი ვოევოდებმა მეფეს სამეგრელოს ელჩის ჩამოსვლის შესახებ შეატყობინეს და მოსკოვისკენ მის გასატარებლად სპეციალური ნებართვა ითხოვეს. ეს შეტყობინება დედაქალაქში 1636 წ. 14 დეკემბერს მიიღეს, 18 დეკემბერს გაიცა ხელმწიფის ნებართვა გაბრიელის გამომგზავრების შესახებ, 20 დეკემბერს შესაბამისი სიგელი თერგში გაიგზავნა. იმავდროულად გადაწყდა მოსკოვში მყოფი თეიმურაზ I-ის ელჩისგან – ბერძენ მიტროპოლიტ ნიკიფორესგან წინასწარ მიეღოთ ინფორმაცია სადადიანოს მდებარეობის, მისი მმართველის, სამთავროს სარწმუნოების, ეკონომიკური მდგომარეობისა და მოსახლეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კახეთის ელჩის მიერ ნაჩვენებ სამეგრელოს საზღვრებში (ერთი მხრიდან – შავი ზღვა, მეორედან თურქეთი, მესამედან – ირანი, მეოთხედან – მთიანი ჩერქეზეთი) მთლიანად არის მოქცეული აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია, ამასთანავე მისი მხრიდან ლევან II-ის პიროვნების, სამთავროში არსებული პოლიტიკური და სარწმუნოებრივი მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითი შეფასება, გაბრიელის თერგზე 1638 წ. 30 ივნისამდე დაყოვნების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სამეგრელოს ელჩი მოსკოვში მხოლოდ 1638 წ. 15 ნოემბერს ჩავიდა. მეორე დღესვე საგარეო საქმეთა საგანგიოში (პრიკაზში) დაიბარეს და პირველი გასაუბრება მოუწყვეს. საგარეო უწყების მოხელეებს აინტერესებდათ ელჩობის მიზნები, ხელმწიფისთვის გადასაცემი სიგელი, სამეგრელოს მმართველის ტიტული, მისი სარწმუნოება და ეროვნება (ენა), არის თუ არა დამოუკიდებელი და რომელ სახელმწიფოებს ესაზღვრება სამეგრელო, აქვს თუ არა ქალაქები, რას აწარმოებენ, ვისთან ვაჭრობენ, ვისთან უხდებათ ომი, როგორ ტანსაცმელს ატარებს მოსახლეობა და ა.შ. გაბრიელმა მოკლედ უპასუხა დასმულ შეკითხვებს. სარწმუნოებასთან, ეროვნებასა და ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე სამეგრელოს ელჩის პასუხები საგანგიოს მოხელეებმა ასე ჩაიწერეს: „რწმენა მათ ქრისტიანული აქვთ, იგივე რაც [აღმოსავლეთ] საქართველოში და წიგნებიც იგივე ქართულია, თუმცა თავისი ენაც აქვთ, რომელზეც ერთმანეთში საუბრობენ. საღმრთო ეკლესიები და მონასტრებიც ბევრი აქვთ. საეკლესიო უმაღლესი იერარქი კი მათი არის პატრიარქი მალაქია. ჰყავთ აგრეთვე მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, არქიმანდრიტები, იღუმენები და მღვდლები. პატრიარქი მალაქია კი ბიჭვინთის მიძინების მონასტერში ცხოვრობს. ასევე მონასტრებში ცხოვრობენ მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, არქიმანდრიტები და იღუმენები. ეს გაბრიელი, თვითონ მღვდელია და მეფე ლეონტის კარის ეკლესიაში მსახურობს; იგი თურმე გალობს კიდევაც ტაძარში“.

1638 წ. 12 დეკემბერს გაბრიელი რუსეთის მეფემ მიიღო. გაბრიელმა მიხეილ თევდორეს ძეს ლევან II დადიანის ქართულ და ბერძნულ ენებზე დაწერილი სიგელი გადასცა. „ხელმწიფე დადიანი სახელად ლევ“ მორჩილებას უცხადებდა და თაყვანს სცემდა რუსეთის მეფეს „აქ, ივერიის მხარეში, მცხოვრები მართლმადიდებელი ერითურთ, რომელიც ერთგულია ქრისტეს სჯულისა და შვიდივე კრებისა, გვწამს წმინდა სამებისა, ყოვლადწმინდა ქალწულისა ღმრთისმშობელისა, ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ერთისა წმინდისა ნათლისღებისა და მოველით აღდგომასა მერმისა მის საუკუნესა“. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ლევან II წერდა, რომ ივერია ხუთი ქვეყნისაგან შედგებოდა, რომ მათ შორის 2 (ქართლი და კახეთი) სპარსეთის შაჰმა დაიმორჩილა, 3 ქვეყანას (იმერეთს, სამეგრელოს და გურიას) კი თავად განაგებდა; სამეგრელოს მფლობელი გამოთქვამდა ხელმწიფის სამსახურში ჩადგომის სურვილს საღმრთო „წმინდა საღმრთო ეკლესიებითა და წმინდა ნაწილებით, თავისი მღვდელმთავრით, მთელი თავისი სამფლობელოთი და მთელი სახელმწიფოთი“; ამასთანავე ითხოვდა, რომ რუსეთის ხელმწიფემ სამეგრელოში მიავლინოს „თავისი ელჩი სამეფო სიგელებით და მიიღოს იგი თავისი მაღალი სამეფო ხელის მფარველობის ქვეშ“.

რუსეთი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობები ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოსთან, ფრთხილად მოეკიდა მანამდე მისთვის უცნობი ქვეყნიდან კვლავ საქართველოს (ივერიის) სახელით ჩამოსულ ელჩს, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გარკვეული სამეგრელოს დამოკიდებულება ოსმალეთთან და ირანთან. ამიტომ გაბრიელს საუბარი უფრო მეტად საეკლესიო თემებზე უხდებოდა, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე. 1639 წ. 17 მაისს, ხელმწიფის უშუალო დავალებით, მისი მორიგი დაკითხვა მოაწყო მოსკოვის ხარების ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ნიკიტამ. რუს დეკანოზს აინტერესებდა, თუ როგორ იცავენ მუსულმან აგრესორთა გარემოცვაში მოქცეულ სამეგრელოში ქრისტეს რწმენას და ხომ არ დაშორებია იგი ბერძნულ მართლმადიდებლობას. ამის დასადგენად გაბრიელს მან 17 შეკითხვა დაუსვა. სამეგრელოს ელჩი ირწმუნებოდა, რომ მის ქვეყანაში შეურყვნელად იცავენ სარწმუნოებას „ბერძნული სჯულისამებრ, როგორც წინაპრებისაგან მიგვიღია“; ვინაიდან თან არ ჰქონდა საეკლესიო წიგნები, ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა; ამ დროს თარჯიმანიც სცოდავდა. უკმაყოფილო გაბრიელმა განაცხადა: „რა ხდება, დეკანოზი სარწმუნოების შესახებ მიწყობს დაკითხვას? მე სარწმუნოების საკითხებთან დაკავშირებით არავის გამოვუგზავნივარ დიდ ხელმწიფესთან, არამედ იმის სათხოვნელად, რომ ხელმწიფემ წყალობა გამოიჩინოს და თავისი ელჩი გააგზავნოს ჩვენს ხელმწიფესთან. ადგილზე ის ელჩი თავადვე ნახავს ჩვენს სარწმუნოებას და ყველაფერს იქვე გაარკვევს“. ამ განცხადების მიუხედავად, მან მთელ რიგ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა. ბოლო, მე-17 კითხვა მღვდელმთავარს, მის რეზიდენციას და კურთხევის წესს შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით სამეგრელოს ელჩმა კვლავ დაადასტურა, რომ „ჩვენ პატრიარქი გვყავს; ადგილს, სადაც ის ცხოვრობს, ბიჭვინთა ეწოდება. მონასტერიც არის, სადაც ის ცხოვრობს. ხოლო როცა ახალი პატრიარქი დგინდება გარდაცვლილის ადგილზე, მაშინ ჩვენი ხელმწიფე იერუსალიმის პატრიარქს სწერს კურთხევის შესახებ და ისიც აგზავნის კურთხევის სიგელს და ამ სიგელის თანახმად მართავს ეკლესიას ახალი პატრიარქი. იერუსალიმში კი ხელდასხმისათვის არ მიდის“.

გაბრიელი სამშობლოში 1639 წ. ნოემბერში რუსეთის ელჩებთან – ფედოტ ელჩინთან და პავლე ზახარიევთან ერთად დაბრუნდა. მოსკოვში მისი ვიზიტი ძირითადად წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ამ ელჩობის ამსახველი მასალა, რომელიც მხოლოდ რუსულ ენაზეა გამოქვეყნებული, უტყუარ და მეტად საინტერესო წყაროს წარმოადგენს სამეგრელოს (ამჟ. აფხაზეთის ჩათვლით) ეთნოპოლიტიკური და განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიის საკითხებზე.

ჯ. გამახარია



ლიტერატურა

  • Белокуров С.А., Материалы для русской истории, M., 1888; по истории грузинско-русских взаимоотношений 1615-1640, Документы к печати подготовил предисловием снабдил Полиевктов, Тб., 1937;
  • Материалы по церковной и этнополитической истории Абхазии, Посольство Федота Елчина и Павла Захарьева в Мегрелию (1639-1640). Для издания подготовил, предисловием, комментарями и словарем снабдил Джемал Гамахария, Tб., 2005;
  • Накашидзе H. T., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, Tб., 1968.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები