გაბრიელი (მაყაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელი (მაყაშვილი გრიგოლ) – (09.01.1793, სოფ. იყალთო, კახეთი, 26.10.1831), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელ-მონაზონი, კალიგრაფი.

დაიბადა თავად ომან მაყას ძე მაყაშვილისა და ანა ბეჟან არაგვის ერისთავის ასულის ოჯახში. მამა, ომან მაყაშვილი, 1812 წ. კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და რუსეთში, ქ. პერმში გადაასახლეს, სადაც 1813 წ. 28 თებერვალს ჩავიდა. 1818 წ. 14 მაისის დადგენილებით დანაშაული ეპატია და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. გარდაიცვალა 1820 წ. გრიგოლის გარდა, მათ ჰყავდათ კიდევ სამი შვილი: ათანასე, მაყა, რევაზი, რაც დასტურდება დედის, ანას მიერ გადაწერილ კრებულზე გაკეთებული წარწერით: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას... მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან ჩემი შვილების სახლში... შვილნო ჩემნო – ათანასი, მაყავ და რევაზ, თქვენცა ხსოვილ იყავით სასურველის თქვენის ბიძისა“.

პატარა გრიგოლმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1809 წ. 20 მარტს გარეჯის ლავრაში მიაბარეს აღსაზრდელად. 1810 წ. 14 აგვისტოს, ამავე მონასტერში წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) ანაფორა უკურთხა. 1811 წ. 6 აპრილს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა.

1816 წ. გაბრიელის პაპის ძმამ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ თავისთან წაიყვანა ბოდბის წმ. ნინოს მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა, არქიდიაკვნის პატივი მიანიჭა და სახელად გაბრიელი უწოდა. 1820 წ. 8 მარტს მიტროპოლიტი იოანე საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) სწერდა: „მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო ხელმწიფევ და მწყემსმთავარო! ჩემი ძმისწული ბერი გახლავთ ჩემთან გაბრიილ, რომელმანცა თვისის ნებით აღირჩია ბერად წოდება და არს დიაკონად ჩემგან ხელდასხმული, და გთხოვთ, რადგან მოხუცებულებასა შინა ვარ მიწევნილ, ნება მომცეთ მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმულ ვყო და ვამყოფო ჩემთან ვიდრე ცოცხლებით ვყო მლოცველად. რომლისა თვისცა მოველი და ვარ იმედეული თქვენის მოწყალებისა, რომ არ უგულებელსყოფთ თხოვილსა ჩემგან“.

თეოფილაქტესგან თანხმობის შემდეგ, 1820 წ. 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, იოანემ მღვდლად აკურთხა (ჩოხის კურთხევით). XIX ს. 20-იანი წლების ბოლოს მანვე გაბრიელს არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა, მაგრამ 1829 წ. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ეს დაჯილდოება არ ცნო, მოტყუებით მიღებულად ჩათვალა, ჩამოართვა პატივი და გარკვეული პერიოდით მღვდელმსახურებაც კი შეუჩერა.

გაბრიელი კარგი კალიგრაფი იყო და გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ხელნაწერი. ერთ-ერთს ასეთი მიძღვნა აქვს: „მაღალ-ბრწყინვალეო კნიაზო ათანასი მაყაევო და ბრწყინვალეო კნეინავ, დედაო – ანნავ, მოვართვი ბრწყინუალებასა თქუენსა იოანე კლემაქსის წიგნი, ფრიად სულთა სასარგებლო, რომელ არა იპოებოდა სახლსა შინა ჩემსა მშობელსა მრავალ განსაცდელ შემთხვევისა გამო საქართველოისა ოხრებისაგან. გაქუნდესთ ჩემდა სახსენებელად და თქუენცა, ბრწყინუალენო კნეინაო, დანო და სძალნო ჩემნო ელენევ და ვარვარავ, მე წიგნთა ვამრავლებ და თქვენ კითხვა განამრავლეთ. ცოდვილი ბერი გაბრიელი“.

გაბრიელი დაკრძალულია შუამთის მონასტრის ეზოში.



წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №558; საქმე №559; საქმე №129; საქმე №3837; ფ 489, აღწერა 1, საქმე №3574.
  • ბერძნიშვილი მ., „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“, წ., 1, თბ., 1980;
  • საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია), ტ. 1, 1946; ტ. 2, 1986.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები