გაბრიელი (XII-XIII საუკუნე)
გაბრიელი – (XII-XIII სს.), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელ-მონაზონი, ლაბეჭინის მონასტრის წინამძღვარი. მან მონასტერში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა და მრავალი წიგნი შესწირა (მეტაფრასი, სვინაქსარი, მარხვანი, საწინასწარმეტყველო და სხვ.), რომლებიც მის მიერ შექმნილ გადამწერთა ჯგუფის მომზადებული იყო. ამის შესახებ გაბრიელი ვრცლად წერს XIII ს. ლაბეჭინის ოთხთავზე მიწერილ ანდერძში (A-1563, 272-275). სახარების მინაწერში ნათქვამია, რომ ლაბეჭინის ეკლესია მიწისძვრისგან „ერთსა დღესა საფუძვლითურთ დაირღვა, შინაგან ეკლესიასა რაიცა ხატნი იყვნეს და მოწყობილობა, დაილეწნეს და იავარ იქმნეს“ და რომ მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა რამდენიმე ხნის შემდეგ ძველის ნანგრევებზე დაიწყო ახალი ეკლესიის შენება. ეკლესიის აღმაშენებელი მღვდელ-მონაზონი გაბრიელი მიწისძვრისგან ტაძრის დაქცევის დროს ყოფილა მონასტრის ძმათა შორის. მან, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ბევრი იშრომა მონასტრის სხვა ბერებთან ერთად მისი გამშვენებისთვის, მაგრამ ეს შრომა მათ მიწისძვრამ ცუდად ჩაუტარა. დაინგრა ტაძარი, შენობანი და გალავანი, განადგურდა ხატები და ეკლესიის სხვა სამკაულნი და საგანძურნი დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, არავის სწამდა მონასტრის ხელმეორედ აღდგენა და მონასტრის ძმანი გაიფანტნენ, მხოლოდ მღვდელ-მონაზონი გაბრიელი არ მოშორდა იმ ადგილს. მან მორწმუნეთა და ქველმოქმედთა დახმარებით კვლავ ააშენა მონასტერი. მისი შრომა და ღვაწლი ამ საქმისთვის ჩამოთვლილია ზემოხსენებული სახარების მინაწერში. მღვდელ-მონაზონი გაბრიელი გვარად იყო ჯინჭარაძე; რვა მოსახლე ჯინჭარაძენი ახლაც სცხოვრობენ ლაბეჭინაში. ისინი ამ მღვდელ-მონაზონს სთვლიან წინაპრად, ხალხში კი იწოდებიან „გაბრიელისანი“ ან გაბრიელანთანი“.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
ლიტერატურა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007. ქავთარია მ., მწიგნობრობა ქართული, ტ. 12, თბ., 2011.