გაბუნია ნუნუ
ნუნუ გაბუნია − (18. ივლისი, 1941, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1977). ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
1966 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო (პედ. ი. ტუსკია, ა. შავერზაშვილი) და 1970 ვოკალური (პედ. ვ. დავიდოვა) განყოფილებები. 1961-იდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში მუსიკალური გადაცემების რედაქტორად. 1992-96 და 1997-2000 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია. 1968-იდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1971-72 სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (მოსკოვსა და თბილისში შეასრულა თამარის პარტია ო. თაქთაქიშვილის ოპერაში „მთვარის მოტაცება“). სხვა რეპერტუარი: ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), დეზდემონა (ვერდის „ოტელო“) რომანსები, საესტრადო სიმღერები.
ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერეტები: „გაყრა“ (1980), „პროვინციელი ქალიშვილები“ (1983), „კინტო“ (1995), „აბლაბუდა“ (1997), „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (1998) და სხვ.
საესტრადო სიმღერები (400-მდე) მათ შორის „მეორე ლეგენდა“, „მიყვარხარ თბილისო“, „გაზაფხული, გაზაფხული“, „გამახარე“, „ქვეყანა ჩემი მგონია“, „ბედის ვარსკვლავი“, „ყველაფერს ნუ ამისრულებ ღმერთო“ და სხვ. კომიკური ოპერა „იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან“ (1988); ბალეტები: „ქალიშვილი შავებში“ (1993), „სიყვარულის ტაძარი“ (1990), სიმფონიური სურათი „თბილისელობა“ (1995); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კონოფილმებისათვის.
მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილსიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე (2012).