გაზსადენი
გაზსადენი – საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გაზის (ძირითადად ბუნებრივი გაზის) ტრანსპორტირება გაზსადენის მეშვეობით. გაზი გაზსადენსა და გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება გარკვეული წნევით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია მილის დიამეტრზე, მილგაყვანილობის მარშრუტის რელიეფზე, გადამქაჩ სადგურებს შორის მანძილზე და სხვ.
არსებობს გაზსადენის ორი ძირითადი ჯგუფი: მაგისტრალური (გაზის ტრანსპორტირებისათვის დიდ მანძილებზე; წნევა მილსადენში 2,5-10 მპა) და გამანაწილებელი ქსელები (გაზის მისაწოდებლად მომხმარებლებისათვის; წნევა მილსადენებში 0,005-1,2 მპა). მილების ჩაწყობის სახეობის მიხედვით გაზსადენი შეიძლება იყოს: მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა. გაზსადენის ტრასა მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. გაზსადენის კატეგორიებია: I კატეგორია – მაგისტრალური გაზსადენი; II კატეგორია – გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენი; III კატეგორია – გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების დაბალი წნევის გაზსადენი