გაიანე
გაიანია, გაიანე – (გ. 301 ან 304 წ.), ადრექრისტიანული პერიოდის მოწამე (მარტვილი) და წმინდანი. (ხსენ. დღე 30.09/13.10). ერთ-ერთი იმ 35 ქალწულთაგანი, რომელიც სომეხთა მეფე თრდატ III-მ აწამა.
„წმინდანთა ცხოვრების“ თანახმად, გაიანე იყო იღუმენი წმ. პავლეს დედათა მონასტრისა, რომელიც ძველი რომის მთაგორიან ადგილას მდებარეობდა. იმპერატორ დიოკლეტიანემ მოისურვა ლამაზი ცოლი შეერთო და თავის მსახურთ დაავალა მზეთუნახავის მოძებნა. მათ მონასტერში იპოვეს რიფსიმე, დახატეს და სურათი იმპერატორს გაუგზავნეს. დიოკლეტიანეს თავდავიწყებით შეუყვარდა ის, მაგრამ ქალწულს არ სურდა ცოლად გაჰყოლოდა კერპთაყვანისმცემელს, რადგანაც მან თავისი უბიწოება უფალს – იესო ქრისტეს უძღვნა. ამიტომ მან დატოვა თავისი ადგილსამყოფელი და წავიდა წმ. გაიანესთან, რომელიც 70 ქალწულთან ერთად მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა სომხეთში (ქართული გადმოცემით, ისინი ჯერ იერუსალიმში გაიქცნენ, სადაც წმ. ნინოს შეხვდნენ, ხოლო იქიდან გაემგზავრნენ სომხეთში და დასახლდნენ დედაქალაქ ვაღარშაპატში, მონასტერში). დიოკლეტიანემ შეიტყო ამის შესახებ და სომეხთა მეფე თრდატს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვდა მოეძებნა რიფსიმე და მისთვის გაეგზავნა. თრდატმა მოძებნა ქალწულნი, მაგრამ თავად დატყვევდა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. რისფიმეს არ სურდა გათხოვება. მეფემ გაიანეს სთხოვა დაერწმუნებინა რიფსიმე დაჰყოლოდა მის ნებას. გაიანემ კი თავის მოწაფე რიფსიმეს ურჩია არავითარ შემთხვევაში არ დაერღვია აღთქმა. წმ. რიფსიმემ უარყო მეფის სურვილი და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. მეფის ბრძანებით წმ. გაიანეს ქვებით კბილები ჩაუმტვრიეს და შორეულ გადასახლებაში გააგზავნეს. თრდატმა რიფსიმეს უარი დამცირებად მიიღო და განრისხებულმა ბრძანა წმინდანის წამება. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა თრდატი გაიანეს და მასთან მყოფ ორ ქალწულს. ისინი სასტიკად აწამეს და შემდეგ თავები მოჰკვეთეს.
ასევე დასაჯეს 70 სხვა ქრისტიანი. შემდგომ 32 ქალწული მივიდა მოწამეს წმინდა ნაწილების ასაღებად, მაგრამ ისინი იცნეს და მაშინვე თავები მოჰკვეთეს. მოგვიანებით ამ წმინდა წამებულთა საპატივცემულოდ წმიდა გრიგოლ განმანათლებელმა სამი ეკლესია ააშენა მეფე თრდატის დახმარებით, რომელმაც თავისი ცოდვები მოინანია. გადმოცემით, იღუმენია გაიანეს მოწამეობრივი აღსრულების ადგილას 430 წ. სომეხთა კათოლიკოსმა ეზრამ ააგო ეკლესია, რომიელიც თითქმის უცვლელი სახით არის შემორჩენილი.
ანტონ I-მა დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღვაწლთა და ვნებათა წმ. მღუდელ-მოწამისა გრიგოლი დიდისა სომხითისა ეპისკოპოსისა და წმიდისა ღირსთა მოწამეთა ქალწულთა რიფსიმესი და გაიანასი და სხუათა მისთანათა“ და „მარტირიკაში“ შეიტანა.
პ. ყიფიანი
ლიტერატურა
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, 1, 6, თბ., 1963-1989.