გაიბოტენის კვირაცხოვლის ეკლესია
გაიბოტენის კვირაცხოვლის ეკლესია − გვიანდელი შუა საუკუნეების ძეგლი. დგას სოფელ გაიბოტენის (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია) განაპირას, დასვლეთით.
შენობა გეგმით სწორკუთხაა (7×5მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გადახურულია ფიქლით. შესასვლელი სამხრიდანაა. კარი სწორკუთხაა. ეკლესიის შიდა სივრცე ქვის კანკელით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. კანკელს ორი გასასვლელი აქვს, საკურთხევლის მხარეს კი – ერთი ნიში. საკურთხეველი სწორკუთხაა. მის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია, აღმოსავლეთ კედელში – სწორკუთხა სარკმელი. საკურთხევლის ცენტრში დგას ქვის ოთხკუთხა ტრაპეზი. ერთი სწორკუთხა სარკმელი მლოცველთათვის განკუთვნილი ნაწილის დასავლეთ კედელშია. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს დაბალი საფეხური (სიმაღლე 0,3მ) გასდევს.
ეკლესია შიგნით და გარედან შეთეთრებულია. ფასადები დასრულებულია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნით. სახურავი ორფერდაა და ეყრდნობა ხის ნივნივებს.
ა. ქალდანი
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008