გაკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაკვეთილი - გაკვეთილი სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია. არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი. კერძოდ, (1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე; (2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე; (3) ფორმალური სწავლის დრო მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით; (4) ვიდეოკონფერენცია: საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.

სარჩევი

გაკვეთილის აქტივობა

აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მოსწავლეების ის ქმედებები, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს, თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს და ის, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მთლიანად ამ პროცესში.

გაკვეთილის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარები, მათი შესაძლებლობები და გამოცდილება.

გაკვეთილის გეგმა (სცენარი)

მასწავლებელი ადგენს გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას. გაკევთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლისა) გაწერილი უნდა იყოს დროში. სასურველია, რომ მასწავლებელმა წერილობით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა ანუ სცენარი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის, თუ რა მოხდება გაკვეთილზე: მასწავლებლის აქტივობები და მოსწავლეების მოსალოდნელი პასუხები. მაგალითად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს, თუ რა შეკითხვების დასმას აპირებს, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩართოს დისკუსიაში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს წინასწარ დაწერილი გაკვეთილის სცენარის შეცვლაც (ანუ იმპროვიზაცია) უნდა შეეძლოს; გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების წინასწარი ცოდნა, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ერთგვაროვანი. ასევე, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეების მოტივაცია, საჭირო რესურსების არსებობა და ა.შ. მოსწავლეთა შესაფასებლად, მასწავლებელმა უნდა გამოყოს მიზნის მიღწევის კრიტერიუმები, ანუ მოკლედ აღწეროს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაკვეთილის მიზანი განხორციელებულად, შესაძლებელია მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფაც - ანუ შეფასების სქემის - რუბრიკის შედგენა.

ასევე, საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი: რა შესრულდა მის მიერ შედგენილი გეგმიდან კარგად, რამ შეუშალა ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევაში და რა უნდა გამოსწორდეს მომავალში;

არსებობს გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა სტრატეგია. ყველაზე ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი ჯერ გეგმავს გაკვეთილის სასწავლო მიზანს, შემდეგ ამ მიზნის მიღწევის შემოწმების ფორმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივობებსა და საჭირო რესურსებს.

გაკვეთილის სასწავლო მიზანი

სასწავლო მიზანი არის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის ბოლოს. სასწავლო მიზანი მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და იგი განსაზღვრავს გაკვეთილის სასწავლო აქტივობის შინაარსს.

გაკვეთილის მიზანი წარმოადგენს გაკვეთილის სპეციფიკურ, გაზომვად შედეგს. გაკვეთილის მიზანი შეიძლება იყოს რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარება, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო მიზანი იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა. შ.

გაკვეთილის მიზანი ქმნის როგორც მოსწავლეების პროგრესის შემოწმების, ასევე მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველს. ასევე, გაკვეთილის მიზნებიდან შესაძლებელია მოსალოდნელი სასწავლო შედეგების განსაზღვრა.

გამოკითხვა

გამოკითხვა არის პირდაპირი კითხვების დასმის გზით მასწავლებლის მიერ მოსწავლისგან გარკვეული ინფორმაციის მოპოვების პროცესი. გამოკითხვის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლის დამოკიდებულებების, ინტერესების, სწავლის სირთულეების და ა. შ. გარკვევა.

წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები