გალი (ქალაქი აფხაზეთში)
გალი − (აფხ. Гал) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქალაქი გალი მდ. ერისწყლის ორივე ნაპირზე, მდებარეობს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
შუა საუკუნეებში ამ ადგილას სოფელი გოგიელი მდებარეობდა. ამ ფორმით ეს სახელი XVII ს. შუა წლების იტალიურ რუკებზე გვხვდება (ბერაძე თ., 2013: 5). სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე დატანილია სოფელი გალი. 1886 წელს სამურზაყანოს უბანში შედიოდა გალის თემი სოფლებით პირველი გალი და მეორე გალი. XX ს. დასაწყისის ქართულ პრესაში იხსენიება სოფელი ღალი. მიჩნეულია, რომ სახელწოდება „გალი“ მომდინარეობს „ღალი“-დან, რაც მეგრულად „ღელეს“ ნიშნავს. რუსული ენის გავლენით, რომელსაც „ღ“ ბგერა არა აქვს, სოფ. ღალის სახელწოდებად „გალი“ დამკვიდრდა. 1906 წელს სოფელ ოქუმიდან სოფელ მეორე გალში გადაიტანეს სამურზაყანოს უბნის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სამურზაყანოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრია. 1921-1925 წწ. სამურზაყანოს მაზრის, 1925-1930 წწ. გალის მაზრის, ხოლო 1930 წლიდან – გალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 1932 წელს დაბა გალმა რაიონული დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი მიიღო (ხორავა, ჭანტურია, 2019: 69).