გამოლოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოლოცვა − წარსულში ხალხურ მკურნალობას საფუძვლად ედო არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ემპირიული ცოდნა-გამოცდილება, არამედ წარმართულ შეხედულებებზე დაფუძნებული, ხშირად, შელოცვებში გამოხატული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. აჭარელთა წარმოდგენით ადამიანის ავი თუ კარგი, გარდა ღმერთისა, სულების ზემოქმედებაზეც იყო დამოკიდებული. მათ მიაჩნდათ, რომ რომელიღაც მავნე სულს ადამიანის სხეულში დასადგურება შეეძლო, რომელიც როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ დაავადებებს იწვევდა. ეს სულიერი დაძაბუნება კი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიკვდილით სრულდებოდა. მათი გაგებით, იმისათვის, რათა დასნეულებული ორგანიზმი განკურნებულიყო, პირველ რიგში, საჭირო იყო ჩასადგურებული მავნე სულის ორგანიზმიდან განდევნა. ეს კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთადერთი ეფექტური საშუალებით – შელოცვებით. აჭარლებში გავრცელებული იყო ის შეხედულებაც, რომ ბოროტ სულებთან ერთად არსებობდნენ აგრეთვე მიწიერი ბოროტი სულებიც, რომლებიც ადამიანს უბრალოდ ერთი გზით − „თვალწაკვრით” აავადებდა და აძაბუნებდა. ტრადიციულად შელოცვის ძირითად ელემენტად მიჩნეული იყო საკუთრივ შელოცვა და სულის შებერვა, რომელსაც მაგიურ თვი- სებებს მიაწერდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით სულის შებერვა ადამიანის სხეულში დასადგურებულ მავნე, ბოროტ სულზე გადამწყვეტად მოქმედებდა, მას თრგუნავდა და მისი მოქმედების უნარს ახშობდა, რის საფუძველზეც ადამიანი ინკურნებოდა და მდგომარეობიდან გამოდიოდა. გამოლოცვა იყო შელოცვის პროცესი, ავადმყოფის ლოცვით მკურნალობა, რაც პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლებოდა. ამ წესით ხალხური ლოცვების მცოდნე ექიმბაშები მკურნალობდნენ, რომლებიც გამოლოცვასთან ერთად სხვადასხვა რიტუალსაც ასრულებდნენ და სხვადასხვა რიტუალურ საგნებს იყენებდნენ. გამოლოცვის დროს მკურნალი ექიმბაში ავადმყოფს სამჯერ სულსაც შეუბერავდა, მკურნალობისას მთვარის ფაზებსაც ითვალისწინებდნენ. ავადმყოფს გამქრალ მთვარეზე გამოულოცავდნენ, რაც, მთვარესთან ერთად, ავადმყოფობის გაქრობასაც გულისხმობდა.

არსებობდა სხვადასხვა გამოლოცვა ანუ შელოცვა: თვალწაკრულის ლოცვა, სურდოს ლოცვა, ჭრილობის მორჩენის ლოცვა, დამწვრობის ლოცვა, სიმსივნით დაავადებულის ლოცვა, სირსვილის ლოცვა, გვეჯოს ლოცვა, უჟმურის ლოცვა და სხვა მისთანანი. სამკურნალო შელოცვებიდან უნდა გამოიყოს − სურდოს შელოცვა.

სარჩევი

სურდოს შელოცვა

ა. „სურდო მესტუმრა ადვილათაო, აწ რა მივართვა სადილათაო?/ანგალი, მანგალი,სამი თაგვის ბარკალი,/შებოჭე და შებორძიკე, ძაღლის კუდსა გამოაბი,/ძაღლი ღელეს გაახტუმლე, სურდო წყალში ჩაახტუმლე”;

ბ. „სურდო მჭირდა ადვილადა, რა მივართვა სადილადა,/ძაღლი ხეზე გავახტუმლე, სურდო წყალში ჩავახტუმლე,/ელელიკო, მელელიკო, კურტუმო და ბარკალი, ღობის ძირში ჩავფალი,/იგი მამამ ცხენი მომცა, ავამტვრიე, დავამტვრიე,/კარსაც მოხდა, კარმა იწყო ზრიალი, მეზობლებმა გრიალი”. შელოცვები შებერვით სრულდებოდა.

დამწვრობით დაავადებულზე შელოცვა

ა. „წითელი ხარი, წითელი ხუცესი,/ზღვა ხნული, ქვიშა თურული,/ვის მოსწრია, ვის გაჰგონია,/მომწვარი გაძნელებული,/მომწვარო, აღმა ამოდი”;
ბ. „ელი ელავდა, მელი მელავდა,/ნაგალი ხევდა, მომწვარი გაძნელებული,/სამი დღის უკან გაქარვებულა”;
გ. „ელელია, მელელია, ზღვა ღელავდა,/წითელ ხუცესსა ხარი გაება,/ზღვას ხნავდა, ქვიშას თესავდა,/ვინ გაიგონა, ზღვა ხნული, ქვიშა თესილი,/სამ დღეს იქით დამწვარი გაძნელებული”. შელოცვები შებერვით სამჯერ სრულდებოდა.

სიმსივნის დაავადებულზე შელოცვა

„ბედო, ბედო, ბედნიერო, სახელმწიფო მშვენიერო,/სად დეიბადე, სად გეიზარდე,/ორბოს ფრთა ქვეშ, ცხენის ნალქვეშ,/ბედომ ძუძუ მაწოვა, ვარდმა ნაზმა გამზარდა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.

ფრჩხილით დაავადებულზე შელოცვა

„ბედო, ბედნიერო სახელი გაქვს ბედნიერი,/სად დეიბადე, სად გეიზარდე,/ცხენის ნალს ქვეშ, თუ ორბის ფრთის ქვეშ?”. შელოცვა სამჯერ შებერვით სრულდებოდა.

ტყიბლით დაავადებულზე სელოცვა

„ელელია, მელელია, ბოლო მარგალიტისა,/სამი სამება ღვთისა, სამი მამლისა ყივილისა,/მოვიდა ბრძანება ღვთისა: „ტყიპლი” ღრებოდეს, ჭკნებოდეს, თავდებოდეს”. შელოცვასამჯერ შებერვით სრულდებოდა.

გარდა შელოცვისა მკურნალობის ხალხურ ხერხებსაც იცნობდნენ: საგანგებოდ დედალ-მამალ ტურას მოკლავდნენ, თავის ძვლებს დაწვავდნენ, თხის ტყავის უბეწვო მხარეს თაფლს წაუსვამდნენ, დამწვარი ძვლის მტვერს ზედ მოაყრიდნენ და ავადმყოფს მუცელზე შემოახვევდნენ; პროცედურა ორჯერ სრულდებოდა, სანამ ტყავი თავისით არ მოძვრებოდა; ასევე, ტურის თავის ქალას დაწვავდნენ, გაცრიდნენ, ერბოში შეურევდნენ, დაავადებულს მუცელზე წაუსვამდნენ და თბილ ქეჩას შემოახვევდნენ.

სირსველით დაავადებულზე შელოცვა

ა. „ალაერა ყანასა, ხარი ხნიდა ჭალასა,/ხარს ტაბიკი დუუწყდა,სირსვილს ძირი მუუწყდა”. სამჯერ შებერვით შეულოცავდნენ და ყოველ შელოცვისას და- სირსვილებულ ნაწილს ნემსის წვერით შემოხაზავდნენ;
ბ. „სირსვილო, სირსვილო, ხარი ხნავდა ყანასა,/ხარსა ტაბიკი გუუტყდა, სირსვილსა ძირი მუუწყდა,/მე ვარ მლოცველი, ღმერთი იყოს შენი მარგებელი”. შელოცვა შებერვით სამჯერ სრულდებოდა.

ბღერით დაავადებულზე შელოცვა

„სახელითა ღვთითა, მამითა, ძითა სულითა წმინდითა,/მე შეგილოცავ კუისა,/კუეკუე კურკუმელო,/პირ-აღმართო, პირ-ჩაღმართო,/ცხენის ფეხო ჩონჩორიკო,/რას ეხოვი მურგსავითა, რას იკბინები ძაღლივითა,/აგჭრი, დაგჭრი, ჩემისა ბასრისა დანისა,/ ჩაგყრი რვალისა ქოთანში,/გადუღებ და გაფოფინებ, შვიდ ღეს და შვიდ ღამესა,/გაგიტან ქედსა მაღალსა, მიგასევ ყვავსა, ყორანსა,/გამოი გამოქარდი, ძვალში თუ რბილში იყო”. შელოცვა შებერვით დღეში სამჯერ სრულდებოდა.

დაჟეჟილობის შელოცვა

„ადამ დეიბადა, ცხრაო, დეიძახა,/ცხრა წყაროს წყალი ერთად შეიყარა,/ადამ კვეთდა, შტომამ კვეთდა, შტომან ქარს მისცა,/ქარმა ზღვას მისცა, ზღვას გაღდა ხილი ხილნარი, ათასად აყვავებულა,/გევედი უფეხოდ, მოვკრიფე, უხელოდ, გადავყლაპე უკურკოდ,/თეთრმა ყოჩმა გირქინა, კანკალა წყალში გიკბინა,/შეჭრეტილისა, შეშეჟილისა, ოხოხოი უუშვი, ოხოხოი გუუშვი”. სამჯერ შებერვით შეულოცავდნენ.

თვალში ბეწვჩავარდნილის შელოცვა

მუხის „ფაჯას” დაასველებდნენ, დაავადებულს მტკივან თვალზე დაადებდნენ, შუხვევდნენ და თან ასე შეულოცავდნენ: „აჯამე, მაჯამე, ბეწვო გამოი ფაჯაზე,/გამოდ, გამოდ, ითამაშე ეშმაკისა ბალახზე”. შელოცვა სამჯერ შელოცვით სრულდებოდა.

მუცლის ტკივილით დაავადებულზე შელოცვა

1. „ქედ-ქედ ძაღლი ჩამორბოდა, ფეხწითელა ტაოშიო,/მუცლის ტკივილო გეხვეწები, უშველე და გაუშვიო”;
2. „ელია, მელია, ჩემი ხელი წამალია,/აქეთ ყურა ჩამორბოდა, ფეხტიტველა ბაუჟიო,/ერთი ძაღლი მეც კი მყავდა,/გეიარა,გამეიარა, ვის ვათანზე გეემგზავრა?”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.

ნაღრძობზე შელოცვა

ადამიანი, როცა იგი სხეულის რომელიმე ნაწილს იღრძნობდა, შელოცვასთან ერთად ხალხური მკურნალობის საშუალებებს იყენებდა, მაგალითად:
1. თუკი მოსახერხებელი იყო, ნაღრძობიან ადგილს ცხელ მარილიან წყალში დებდნენ, რის შემდეგ დაავადებულს მტკივან ადგილზე მარილიან წყალშივე მოზელილ სიმინდის ცომს დაადებდნენ და შეუხვევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა;
2. დაავადებულს თელის ფოთლების აბაზანებს გაუკეთებდნენ. სასურველიშედეგის მიღებამდე პროცედურა დღეში ორჯერ სრულდებოდა;
3. მარილიან წყალში „ქვის სუროს” მოაშუშებდნენ და ნაღრძობ ადგილას ავადმყოფს დაადებდნენ, ასევე, შეულოცავდნენ: „ადამ დეიბადა, სამი დეიძახა,/სამი წყაროთვალი ერთგან შეიყარა,/შავმა ძაღლმა დაგკბინა, ძუმმა ვერძმა დაგრქინა,/ოფოფ გუუშვი, ოფოფ გუუშვი”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.

ჩიყვით დაავადებულზე შელოცვა

„პირველსა მამლის ყივილსა, სამჯერ სახელი ღვთისაო,/ჩიყვო, ღრებოდე, ჩიყვო, ჭკნებოდე,/აქ არაა შენი ადგილი,/ზღვის პირსა, ლერწმის ძირსა ღრებოდე”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.



ლიტერატურა

ქართული ხალხური... 1994; კოხრეიძე, 1958; აბაშიძე, კომახიძე,1998:165, 172, 179, 192, 197-198, 200-201, 203, 205, 196-207; მგელაძე, 2002; სურმანიძე, 2009:528-536.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები