განჯისკარელი ანტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განჯისკარელი ანტონ – (1869 – 1929), ნამდვილი სახელი და გვარი – ანტონ ხუდადოვი. სახალხო პოეტი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის წარმომადგენელი. დაიბადა თბილისში. პროფესიით იყო მეთუნუქე. ყურადღება მიიქცია პოეტური ნიჭითა და ლექსებში პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი თემატიკით. ცნობილია თვითმპყრობლობის წინააღმდეგ დაწერილი მისი ლექსი „მაღლა ღმერთი შეგეწიოს, ძირს ხელმწიფე, მისი ტახტი!” 1892-1916 წლებში 25-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, ამათში ყველაზე უფრო საინტერესოა: „უბის წიგნაკი” „დეკადენტი” და სხვადასხვა ლექსები, (1904 წ), „კინტოს გოდება და სხვა საოხუნჯო ლექსები ანტონ განჯისკარელისა”, 1907). სალიტერატურო კრიტიკადადებითად აფასებდა მის შემოქმედებას. იროდიონ ევდოშვილმა მას მიუძღვნა ლექსი „სახლების მხურავი”.
- ჰოი, უფალო!...
- ჰე, უფალო, ეს ქვეყანა
- რისთვის შეჰქმენ, თუ არ გჭირდა?
- რად განსახე ადამის ძე,
- ამ ბოლო დროს თუ დამცირდა?
- რად მიეცი აზრი დიდი,
- თუ სიცოცხლე არად ღირდა?
- ვინ გეხვეწა მათ გაჩენას?
- მითხარ, თუ ვინ აგიხირდა?
- თუ შეჰქმენ და გააჩინე,
- რაღად გაჰყავ ათას გვარად,
- ერთად რად არ დაამყოფე,
- რომ ეცხოვრათ მეგობარად?
- ზოგი მთაში რად არეკე,
- სხვა დატოვე დაბლა, ბარად,
- დღეს ერთმანეთს შეჰყურებენ
- ერთურთის არ გასახარად.
- რად მოჰგვარე მოციქულნი,
- რომ ძმათ შორის შური სთესოს?
- ერთ მხრივ მოსეს აგზავნიდი,
- იქით მაჰმადს, აქ იესოს?
- ნუთუ ლხინად მიგაჩნია,
- რომ ძმამ ძმაზედ ხმალი ლესოს?