გარეთა ოტიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარეთა ოტიტები – სასმენი მილის ეპიდერმისი დაცულია ლიპიდებით და მჟავა PH-ით, რომელიც საფროფიტული ფლორის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ბალანსის დარღვევა ადვილად ხდება, როდესაც გარეთა სასმენი მილი ვიწრო ან ანთებითია.

ინფიცირება იწყება, როდესაც:

— სასმენი მილი ნოტიო და მაცერირებულია. ეს Pseudomona aeruginosa-ს გამრავლების საშუალებას აძლევს;
— სასმენი მილის დაზიანება ხდება სისტემატურად, მაგალითად, ქავილით;
— სასმენი მილის მკურნალობა არის არაადეკვატური და გადამეტებული;

ინფექცია, შესაძლოა, მალავდეს სხვა დერმულ დაავადებებს. ამიტომ გარეთა სასმენი მილის ნებისმიერი გახანგრძლივებული ინფექცია შეიძლება იყოს კანის ლიქენის დაავადების მანიშნებელი.

გარეთა სასმენი მილის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია:

— მილის ხშირი დასუფთავება;
— მილის ბამბით ან რაიმე სხვა ტამპონით ობტურირება;

ზოგიერთი სკოლა იყენებს დამშრობ ტოპიკურ საშუალებებს, როგორიც არის 600-იანი სპირტი ან ბორის მჟავა. თუმცა, ჩვენი აზრით, ასეთი საშუალებები ძალიან აგრესიულია.

სარჩევი

დიფუზური გარეთა სასმენი მილის ანთება

ეს ავადმყოფობა, ძირითადად, ორმხრივია. მას ახლავს საშინელი ტკივილი და გარეთა სასმენი მილის შეშუპება. ეს სიმპტომატიკა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა პაციენტს ღამე თეთრად გაათენებინოს.

კლინიკური დათვალიერებისას, სახეზეა სასმენი მილის შევიწროება, ნახეთქები, ჩირქოვანი გამონადენი, შესაძლოა რეტროაურიკულარული შეშუპება და ნიჟარის ჰიპერემია.

მკურნალობა:

როგორც წესი, ის, ძირითადად, ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით ხორციელდება, (ყურის წვეთები: Polydexa, Neladex) თუმცა, შორს წასული შემთხვევები მოითხოვს სისტემურ ანტიბიოტიკოთერაპიას და სტეროიდულ ან არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (Suprax, Medrol, Diclac, Amoxiclav).

გარე ოტიტები უფო ხშირდება ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით, ზღვისპირა რეგიონებში. პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლოა ზღვაში ბანაობის შემდეგ, გარეთა სასმენი მილის სანაცია ანტისეპტიკური ან ზეთოვანი საშუალებებით.

ასევე, შესაძლებელია ჩვეულებრივი, 600-იანი სპირტის გამოყენებაც.

ავთვისებიანი გარეთა ოტიტი

სახელის მიუხედავად, ამ პათოლოგიას არანაირი კავშირი არ აქვს სიმსივნოვან პროცესთან. უბრალოდ, მისი პროგნოზი იმდენად ცუდია და ხშირად ლეტალურიც, რომ მან დაიმსახურა ასეთი ტერმინი. უფრო ზუსტი ტერმინი იქნებოდა – ნეკროზული ოტიტი, რადგანაც, საბოლოო ჯამში, ეს დაავადება ქალას ფუძეს ოსტეიტია (ძვლის ანთება), რომელიც ჩირქმბადი პსევდომონას მიერ არის გამოწვეული. როგორც წესი, ამ ტიპის ოტიტი იმუნოდეპრესიულ ან დიაბეტიან პაციენტებში გვხვდება. მისი საწყისი მიზეზი შესაძლოა ყურის უბრალო ტრავმა გახდეს.

კლინიკურად, პაციენტს აქვს ტკივილი, ცუდსუნიანი ჩირქდენა. მკურნალობის უშედეგობა მიუთითებს ამ პათოლოგიის არსებობაზე.

ოტოსკოპიისას, სახეზეა გარეთა სასმენი მილის პოლიპოიდური ანთებითი პროცესი, არც თუ ისე სერიოზული ჰიპერემიით, რის მიღმაც იმალება ასეთი სერიოზული დაავადება.

ავთვისებიანი ოტიტის შედეგად, შესაძლოა მივიღოთ კრანიალური ნერვების დაზიანება. კერძოდ, VII წყვილი ანუ სახის ნერვის დაზიანება. შესაძლოა საქმე ლეტალურადაც დამთავრდეს.

სამკურნალო პროტოკოლი მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, Pseudomona-ს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპიას (ფტორქინოლონების ჯგუფის მედიკამენტებით), რომელიც უნდა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და შეწყდეს მხოლოდ კლინიკური და რადიოლოგიური მონაცემების გაუმჯობესების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია სცინტიგრაფიით კონტროლი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს ოსტეიტის მასშტაბებს. რაც შეეხება ამ დაავადების პრევენციას, გარეთა სასმენ მილზე ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარების დროს, ყოველთვის საჭიროა ყურადღებით ვიყოთ დიაბეტიან ან იმუნოდეპრესიულ პაციენტებთან. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში ნებისმიერი გახანგრძლივებული ოტიტი უნდა გვაფიქრებდეს ავთვისებიანი ოტიტის არსებობაზე.

გარეთა სასმენი მილის ფურუნკული

საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თუმცა, მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ იოლია გარეთა სასმენ მილში არსებული ჰიპერემიული ფურუნკულის არსებობის გამო. მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს ანტისტაფილოკოკური ანტიბიოტიკის დანიშვნას და არასტეროიდულ ან სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას. დაუშვებელია ნებისმიერი აგრესიული ზემოქმედება ფურუნკულზე, რადგანაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს ინფიცირების გავრცელება.

ანტიბიოტიკოთერაპია 7-8 დღეს გრძელდება. თუმცა, მწვავე პერიოდის შემდეგ, გარეთა სასმენი მილის სანაცია ანტისეპტიკური საშუალებებით გრძელდება 2-3 კვირა. მიზანშეწონილია ისევ სტაფილოკოკის საწინააღმდეგო ხსნარების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში არ ღირს მალამოების მოხმარება, რადგანაც მალამო ახდენს ფოლიკულების ობტურაციას, რაც ბაქტერიის გამრავლებას უწყობს ხელს.

პრობლემატური დიაგნოსტიკა

ხშირად, გარეთა ოტიტი თან ახლავს შუა ყურის პათოლოგიებს და პირიქით, გარეთა ოტიტები არ გულისხმობს შუა ყურის ანთებას, მიუხედავად სმენის დაქვეითების სიმპტომატიკისა. საჭიროა სწორად გაკეთდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რათა ადეკვატური მკურნალობა იქნეს არჩეული.

გარეთა ოტიტის ნიშნები:

— მტკივნეული ტრაგუსი და ნიჟარა;
— პრეაურიკულარული ადენოპათია;
— რეტროაურიკულარული ნაოჭის არსებობა.

მასტოიდიტის ნიშნები

— მტკივნეული მასტოიდი;
— რეტროაურიკულარული ნაოჭის გაქრობა;
— რადიოლოგიურად, მასტოიდური უჯრედებსშორისი ტიხრების გაქრობა.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები