გარსიაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარსიაშვილი დავით – (22.09. 1870, სოფ. საგარეჯო, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, – 03.08.1957, ქ. თბილისი), დეკანოზი. პედაგოგი.

დეკანოზი დავით გარსიაშვილი. XXს. 10-იანი წლები

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1879-1887 წწ. დ. გარსაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1887-1893 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1893 წ. 24 აგვისტოდან 1895 წ. 18 დეკემბრამდე დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა. სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელიც ორშაბათობით დიდუბის ტაძარში ქართულ და რუსულ ენებზე გალობდა. 1895 წ. 18 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმ. ნინოს ტაძარში განაწესეს. 1896 წ. კუკიის ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც გარსაშვილი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა. 1900 წლიდან მხოლოდ საღვთო სჯულის პედაგოგი იყო. 1901 წ. 6 მაისს დაჯილდოვდა საგვერდულით 1902 წ. 25 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წ. 29 ოქტომბრიდან თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში გადაიყვანეს. მალევე, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ კუკიის ტაძარში დააბრუნეს. 1914 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914-1918 წწ., პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე №335 სამხედრო-საველე ჰოსპიტლის კაპელანად მსახურობდა. 1917 წ. სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო და დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1918 წ. საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის წმ. ნინოს ტაძარში განაგრძო მოღვაწეობა. 1921 წ. საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა. გახშირდა სასულიერო პირთა დევნა, რაც მათ ოჯახებზეც აისახა. გამონაკლისი არც გარსაშვილი გახლდათ. მისი ორი ვაჟი – გიგლა და არჩილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. 1924 წ. აგვვისტოს ცნობილ აჯანყებაში ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ, რის გამოც ორივე დააპატიმრეს. ამავე წლის 1 სექტემბერს გიგლა დახვრიტეს. მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად მამა დავითიც და სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა. 1922 წ. ივნისში ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1926 წ. ენქერით დაჯილდოვდა.

გარსაშვილი მხარს უჭერდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) არჩეულ კურსს. იგი პატრიარქის შინა პატიმრობის დროს მის გვერდით იყო. „დღეს ჩვენ, ქართველები, დიდ სამწუხარო და გულსაკლავ ფაქტის წინაშე ვდგევართ... ეკლესიის მწყემსმთავარი... კათალიკოზ-პატრიარხი ამბროსი მსხვერპლად შეიქმნა შინა გამცემთა, იუდა ისკარიოტელის მსგავსთა უმუხთლეს, უღალატეს...“ ქადაგებდა გარსაშვილი 1927 წ. 2 სექტემბერს ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. ლოგინად ჩავარდნილი პატრიარქის ბედით შეწუხებული გარსაშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა: „ჩვენი დროის იუდებო და შინა გამცემლებო! დრო გწყალობთ, არა? როდემდეს ინავარდებთ, შორს არ არის აღსასრული თქვენი... რადგან მალე მოვა ის დრო, როდესაც გაწამებული ერის სამსჯავროზე წარსდგებით... ბოროტმოქმედთა თქვენთა სიტყვისაგებად“. გარსაშვილის უშუალო ჩარევით ჩაიშალა თბილისის სამღვდელოების კრება, რომელიც კათოლიკოს ამბროსის მეტეხის ციხეში ყოფნის დროს მისი მოწინააღმდეგე სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა მოიწვია. ისინი მოითხოვდნენ საეკლესიო კრების მოწვევას და პატრიარქის გადაყენებას. ამ კრებაზე გარსაშვილმა წარმოთქვა სიტყვა, რომლის შემდეგაც მას საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა და კრება ისე დაიშალა, დადგენილება არ მიუღიათ.

გარსაშვილი იმ მღვდელმსახურთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არ შეგუებიან ქვეყანაში არსებულ ძალმომრეობას და თავის დამოკიდებულებას იმ დროისათვის მეტად გაბედული ქადაგებებით გამოხატავდნენ. ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარში, სიონის საკათედრო ტაძარში, ქაშვეთისა თუ კუკიის ტაძრებში, სადაც კი მოღვაწეობდა გარსაშვილი, კაცთმოყვარეობისა და რწმენის განმტკიცების ქადაგებასთან ერთად, თავისებურად აანალიზებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეორმოცე დღეს წარმოთქმული ქადაგება, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მცნების – „არა კაც ჰკლა“ განმარტებას ეხება და, რასაკვირველია, ქადაგებანი, რომლებიც 1924 წ. აჯანყების შემდეგ პერიოდს, 1925-1927 წწ. მოიცავს.

1933 წ. აპრილში კომუნისტებმა წმ. ნიკოლოზის ტაძარი დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. გარსაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძრის კრებულში გადაიყვანეს. 1945 წ. 19 მაისს კუკიის წმ. ნინოს ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1945 წ. მიტრა უბოძეს. 1952 წ. ოქტომბერში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) კუკიის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მალე მისივე ლოცვა-კურთხევით თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

დაკრძალულია კუკიის ტაძრის ეზოში. გარსაშვილი გამორჩეული სასულიერო პირი იყო XX ს. I ნახევრის ქართული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო საუკეთესო მქადაგებელი. შემორჩენილია მისი ქადაგებების კრებული, ჩანაწერები, მიწერ-მოწერა და სხვა უამრავი საინტერესო მასალა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და ბიბლიოთეკის მიერ გამოიცა 2007 წელს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • დავით გარსიაშვილის არქივი, მ. ყვავილაშვილის გამოც., თბ., 2007;
  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №2581; სუიცა, ფ. 1880, აღწერა 3, საქმე №17;
  • ჟურნ., «Духовный вестник Грузинского экзархата», 1893, №13; 1895, №22; 1901, №9; 1902, №7-8; 1904, №22;
  • ჟურნ., «Вестник Грузинского экзархата», 1914, №10.
  • მაჩურიშვილივ გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, ტ. 1, თბ., 2012;
  • საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკა, დეკანოზ დავით გარსიაშვილის არქივი, თბ., 2007; ცინცაძე კ., ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები