გაუსი კარლ ფრიდრიხ
კარლ ფრიდრიხ გაუსი – (გერმ. Johann Carl Friedrich Gauß, 1777 - 1855), გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი.
გაუსი დაიბადა 1777 წელს ღარიბი მებაღის ოჯახში. ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა მათემატიკისა და ენების შესწავლის განსაკუთრებულ უნარს.
საშუალო სკოლაში დიდი გატაცებით დაიწყო ნიუტონის შრომების შესწავლა, მთელი სიცოცხლის მანძილზე აღტაცებული იყო ამ შრომებით. 1795 წლიდან 1798 წლამდე სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1799 წელს ჰელმშტედში მიიღო დოქტორის ხარისხი. 1807 წელს გაუსი დაინიშნა მათემატიკის კათედრის, გამგედ. ამავე დროს მუშაობდა გეტინგენში ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორადაც. ამ თანამდებობაზე იგი გარდაცვალებამდე დარჩა.
გაუსი მიეკუთვნებოდა ყველაზე გამოჩენილ მათემატიკოსთა რიცხვს. მუშაობდა მათემატიკის თითქმის ყველა განყოფილებაში. მისი შრომები შინაარსით და დამტკიცების ხერხით გაოცებას იწვევენ. მას თანამედროვეები მათემატიკოსთა მეფეს უწოდებდნენ. ჯერ კიდევ სტუდენტმა (1801) დაწერა შრომა „არითმეტიკული გამოკვლევები“, სადაც ჩამოაყალიბა რიცხვთა თეორიისა და უმაღლესი ალგებრის საკითხები. ამ ნაშრომმა საუკუნეზე მეტი ხნით განსაზღვრა რიცხვთა თეორიის განვითარება. დაამტკიცა რიცხვთა თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური თეორემა – კვადრატულ ნაშთთა შექცევადობის კანონი. დაამტკიცა ალგებრის ძირითადი თეორემა; იკვლევდა განტოლებებს, რომლებთანაც მივყევართ წრის დაყოფას ტოლ ნაწილებად; გაუსმა იპოვა n-ის ყველა ის მნიშვნელობა, რომელთათვისაც წესიერი n კუთხედის აგება შეიძლება მხოლოდ ფარგლისა და სახაზავის საშუალებით; კერძოდ, x17 - 1 =0 განტოლების ამოხსნით მან შესძლო ფარგლითა და სახაზავით წესიერი 17-კუთხედის აგება. გაუსმა საფუძველი ჩაუყარა ზედაპირთა შინაგან გეომეტრიას (1828) მკაცრად ჩამოაყალიბა კომპლექსურ რიცხვთა თეორია.
შემორჩენილია გაუსის ჩანაწერები არაევკლიდურ გეომეტრიის საკითხებით.
გაუსი ასტრონომიაში და ფიზიკაშიც მუშაობდა. ბევრ საბუნებისმეტყველო საკითხებს აძლევდა მათემატიკურ ფორმას. გაუსმა შექმნა დაკვირვებების შედეგების დამუშავების მეთოდი, ცნობილი „უმცირესის კვადრატების, პრინციპის“ სახელით, მის მიერ დამუშავებული მეთოდები ახლაც კი საფუძვლად უდევს პლანეტების ორბიტების გამოთვლებს. ფიზიკაში სახელი გაითქვა პოტენციალის თეორიის მეცნიერული გამოკვლევით. ეს იყო ფიზიკური პრობლემების მათემატიკური ინტერპრეტაციის ნიმუში. გაუსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კულონის კანონი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ელექტრობის რაოდენობა. გაუსმა ჩაატარა აგრეთვე მაგნიტების მაგნიტური მომენტების აბსოლუტური გაზომვა, მისი მეცნიერული გამოკვლევა სათაურით „დედამიწის მაგნეტიზმის ძალის სიდიდე აბსოლუტურ ერთეულებში“ – ჭეშმარიტი რევოლუცია გახდა ფიზიკური გაზომვების სფეროში. ამ შრომაში გაუსმა მოგვცა აბსოლუტური ელექტრომაგნიტური ერთეულების სისტემის საფუძვლები.
მექანიკის იმ დროისათვის მიღწეული მნიშვნელოვანი განვითარების გათვალისწინებით გაუსს გადაწყვეტილი ჰქონდა ფიზიკური მოვლენა დაეყვანა მოძრაობამდე და ამ მოძრაობის გამომწვევ ძალებზე. ამიტომ ძირითადი ერთეულები გაუსის სისტემაში იყო მექანიკის ერთეულები: სიგრძის ერთეული – მილიმეტრი და დროის - წამი. ფიზიკის შემდგომი განვითარებისას წარმოიშვა სხვა ერთეულთა სისტემის შემოტანის საჭიროება, რომლებიც დამუშავებული იქნა გაუსის ერთეულთა სისტემის საფუძველზე. თანმიმდევრულად ავითარებდა რა ამ სისტემას, გაუსმა ვებერთან ერთად ააგო მაგნიტომეტრი და დაამუშავა ელექტრული ველების გაზომვის მეთოდი. გაუსმა დედამიწის მაგნეტიზმის შესახებ გამოკვლევების შედეგები მოგვცა ნაშრომში „დედამიწის მაგნეტიზმის ზოგადი თეორია.“
ამას გარდა ეს ყოველმხრივ განვითარებული მეცნიერი მუშაობდა გალვანურ მოვლენებზე, ელექტრომექანიკასა და ინდუქციაზე. ვებერთან ერთად ააგო უმარტივესი ტელეგრაფის ხაზი.
გაუსი გარდაიცვალა გეტინგენში 1855 წლის 22 თებერვალს 77 წლის ასაკში, მან თანამედროვეების და მომავალი თაობების სრული აღიარება მოიხვეჭა. გაუსის შრომები, განსაკუთრებით მათემატიკაში, მათი შინაარსი და გონებამახვილური მტკიცებები, მეცნიერული ლიტერატურის ყველაზე ძვირფას მიღწევებს მიეკუთვნება. ისინი ეხებიან მათემატიკის თითქმის ყველა დარგს.