გაფრინდაული ზეზვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაფრინდაული ზეზვა – აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული თქმულებების სახელოვანი გმირი, წარმოშობით თუში, 1659 წლის ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე. დაბადებულია მთა-თუშეთის სოფ. ვაკისძირში, მე-17 საუკუნის 20-იან წლებში.
ზეპირი გადმოცემით, ზეზვას მრავალ ლაშქრობაში მიუღია მონაწილეობა უცხო დამპყრობელთა და მთიელ მეკობრეთა წინააღმდეგ.
- ხმალს აქებს გაფრინდაული თორმეტი მოვკალ ამითა,
- ავავსე დიდი მინდორი თათრის ხოჯაის ძვალითა,
- მგელსა დავცვითუ კბილებთ ტურას -ლოყები ჭამითა.
ბახტრიონის აჯანყების შემდეგ ზეზვას სახელი მალე ჰქრება ზეპირსიტყვიერებიდან, ეტყობა, დასჯილ იქნა თათრების მიერ აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად. გაფრინდაულის სახე ფართოდ არის ასახული ხალხურ პოეზიასა და მხატვრულ ლიტერატურაში.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ქართ, ხალხ. საისტორიო სიტყვიერება, I, ქს, სიხარულიძის რედაქციით, 1961, გვ. 129-41;
- მ. ჩიქოვანი, ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია,. 1956, გვ. 28-60.