გახარია ლაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გახარია ლაშა – (1947 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ მუხურში (ჩხოროწყუ). ლექსებს წერდა როგორც ქართულად, ასევე მეგრულად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში (1966), როდესაც ის ჯერ კიდევ სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ში. 2003 წ გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“. გარდაცვალების შემდეგ კი (2005) გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული „ირიათონი“ და კრებული „წაშლილი ღამე”.
- * * *
- შეუცნობელი პოეტი დადის,
- გამომცემლობებს არ უმტვრევს კარებს;
- მშიერ ლეკვივით დაჰყვება დარდი
- და ჯიბის ლექსებს ბუზს არ აკარებს.
- თან თავნია და თან – ნასესხები,
- აბდის და უბდის კალმით მლამბავი
- და დადის ასე, შავი ლექსებით,
- თავადაც ღვთისგან დაუსტამბავი.
- აღარ იზიდავს ზღვა და იზიდა,
- ბინას არ ეძებს მთაწმინდის ახლოს
- და, როცა წავა ცოდვილ მიწიდან,
- არც ცად მოელის დიდ სამოსახლოს.