გეგია იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეგია იოანე –(გ. 05.08.1877), პირველი აფხაზურენოვანი მღვდელი, თარჯიმანი და პედაგოგი, დაიბადა სოფ.ელ ლიხნში. აფხაზეთისა და სამეგრელოს ეპისკოპოს გერონტის (პაპიტაშვილი) სახსრებითა და ხელშეწყობით სასულიერო განათლება ცაიშისა და მარტვილის მონასტრებში მიიღო. დაახლოებით 1860 წლიდან ლიხნის ეკლესიის წინამძღვარია, ზედმიწევნით ფლობდა ქართულ და აფხაზურ ენებს.

1865-1866 წწ. მონაწილეობდა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ ეგიდით და ი. ა. ბართოლომეის თავმჯდომარეობით მოქმედი მთიელთათვის დედა ენის სახელმძღვანელოების შემდგენელი კომისიის მუშაობაში. აფხაზეთის ეპარქიის თარჯიმან ს. ეშბასთან, „პოდპორუჩიკ“ და თარჯიმან გ. ქურციკიძესთან, ასევე დ. მარღანიასთან, კ. და გრ. შერვაშიძეებთან ერთად გეგია დაეხმარა კომისიას პირველი აფხაზური დედაენის (ტექსტების პარალელური ქართულ-რუსული თარგმანით) შედგენაში, რომელიც თბილისში 1865 წ. გამოიცა. 1866 წ. იმავე კომისიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა და გამოსცა „მოკლე წმინდა ისტორია“ (წიგნიდან „კეთილსაკითხავი მართლმადიდებლებისათვის“). მნიშვნელოვანია ამ პირველი აფხაზური წიგნების როლი ხალხში განათლების შეტანისა და ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.

გეგიას სასულიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა აფხაზეთის მაშინდელი ეპისკოპოსი წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1867 წ. 29 ივნისს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) იგი სწერდა, რომ ბიჭვინთის სასულიერო სასწავლებელში აუცილებელია იყოს აფხაზური ენის მასწავლებელი; აფხაზური ენის სწავლების უნარი კი შესწევს მხოლოდ სოუკ-სუს მღვდელს, ეროვნებით აფხაზ იოანე გეგიას, რომელიც თბილისში აფხაზური დედაენისა და ისტორიის შედგენაში მონაწილეობდა. აფხაზეთის მღვდელმთავარი ეგზარქოსს სთხოვდა ლიხნის ეკლესიის წინამძღვრის საეპისკოპოსო კათედრაზე გადმოყვანას და სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დანიშვნას.

გეგია იმ ბრწყინვალე კრებულის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელზე დაყრდნობითაც აფხაზეთის ეპარქიის მმართველი 1868-1886 წწ. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ფართო მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა. პირველად ისინი ერთმანეთს 1868 წ. 15 მაისს შეხვდნენ, როცა სოფელ ლიხნში ჩასულმა მღვდელმთავარმა და მისიონერმა ადგილობრივებთან უძველეს ტაძართან შეკრებილი უამრავი მოსახლის წინაშე უფლის სიტყვა ქართულ ენაზე იქადაგა. „ჩემს სიტყვებს ქართულიდან აფხაზურ ენაზე თარგმნიდა აქაური სამრევლოს მღვდელი გეგია, რომელიც არის აფხაზი და ამ სოფელშია დაბადებული, – წერდა ეპისკოპოსი გაბრიელი, შემდეგ ის გვახლდა ყველა სამრევლოში, სადაც აფხაზურად საუბრობენ, და ბევრი აფხაზის აღიარებით, თარგმნიდა ძალზე გასაგებად; ასე რომ, თვით აფხაზები არ მოელოდნენ, რომ მათ ენაზე შეიძლებოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების აზრების ასე კარგად გადმოცემა“. 1868 წ. 23 მაისს გეგიამ, კესარია შერვაშიძემ და დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა ეპისკოპოს გაბრიელისგან მიიღეს პირველდაწყებითი ლოცვების, მრწამსის, ათი მცნებისა და, შეძლებისდაგვარად, სხვა ბიბლიური ტექსტების აფხაზურ ენაზე თარგმნის დავალება. სულ მალე აფხაზეთის ამრევლოებში წირვისას უმთავრესი კურთხევა ქართულ და რუსულ ენებთან ერთად აფხაზურადაც წარმოითქმებოდა.

1869-1872, 1874-1875 წლებშიც, როცა ეპისკოპოსი გაბრიელი მისიონერული მიზნებით აფხაზეთს სტუმრობდა, გეგია მუდმივად მის გვერდით იყო და მღვდელმთავარს თარჯიმნობას უწევდა. ლიხნის ეკლესიის წინამძღვრის ერთ-ერთ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს 1870 წ. სოფელში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების სკოლის გახსნაც.

გეგიას სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. 1877 წ., როცა თურქებმა აფხაზეთი დაიკავეს, მან სამრევლო არ დატოვა, საიმედოდ გადამალა და ამით განადგურებას გადაარჩინა ლიხნის ეკლესიის კუთვნილი უნიკალური ნივთები და ქონება; ის მოუწოდებდა საკუთარ მრევლს, არ დაეტოვებინათ სამშობლო, არ მიმხრობოდნენ თურქებს. შეიტყვეს რა ამის შესახებ თურქეთის არმიის შემადგენლობაში მყოფმა აფხაზმა მუჰაჯირებმა, გეგია შეიპყრეს და წამებით სული ამოხადეს. ისტორიაში ცნობილი პირველი აფხაზი მღვდელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი ხალხის მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევისა და განათლების საქმეში, აფხაზთა ფიზიკური გადარჩენის მცდელობას შეეწირა. ამ ფაქტით ფრიად შეწუხებულმა წმ. მღვდელმთავარმა გაბრიელმა განაცხადა, რომ მღვდელი იოანე გეგია იყო საუკეთესო თარჯიმანი და ამავე დროს „ერთობ პატიოსანი და ღვთისმოსავი ადამიანი“.

ჯ. გამახარია


ლიტერატურა

  • გამახარია ჯ., მოკლე ისტორიული ცნობები აფხაზეთში XVII ს. 80-იანი წლების დასაწყისში დახოცილ სასულიერო პირთა, აგრეთვე 1877 წელს ნაწამები აფხაზი მღვდლის, იოანე გეგიას შესახებ, კრებ.: მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნ. თვითიდენტიფიკაციის საკითხები. თბ., 2005;
  • წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2006;
  • წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2007;
  • Дзидзария Г.А., Формирование дореволюционной абхазской интелигенций, Cyx., 1979.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები