გელათის ბიბლია
გელათის ბიბლია – XII ს. ქართული სამწერლობო ენის მნიშვნელოვანი ძეგლი. შესრულებულია ქაღალდზე ინდივიდუალური ნუსხური ხელით, შეიცავს 301 ფურცელს, ზომა 35X25 სმ. აღმოაჩინა თ. ჟორდანიამ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე მიშენებული ეკლესიის ნანგრევებში და მანვე აღწერა ვრცლად (ქრონიკები, II, ტფ. 1897). ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-1108), ძალზე დაზიანებული და ნაკლული, მოღწეული ნაწილი რესტავრირებულია. ამავე ტექსტს შეიცავს A-1108-ის ბედიის მეორე ხელნაწერი (Q- 1152), ქაღალდზე ნაწერი მსხვილი ნუსხური ხელით, XII-XIII სს., 421 ფურცელი, ზომა 39.5X28,5 სმ. Q-1152 უნდა იყოს A-1108-იდან ან შუალედური ნუსხიდან გადანაწერი. არ გამორიცხავენ ორივეს წარმომავლობას ერთი ხელნაწერიდანაც (თ. ჟორდანია). ორივე ხელნაწერი შეიცავს ძველი აღთქმის წიგნთა თავისებურ, ბერძნიზმებით დამძიმებულ ე. წ. პეტრიწული სტილის ქართულ რედაქციას. ბიბლიის ძირითადი ტექსტი მოთავსებულია ფურცლის შუა ნაწილში, განიერ აშიებზე კი ახლავს თარგმან-კომენტარები, რის გამოც მას კატენებიან ბიბლიასაც უწოდებენ. კომენტარები განსამარტავ კიმენურ ტექსტთან დაკავშირებულია ასოებრივი ნუმერაციით და 40-მდე პირობითი ნიშნით. ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. მ. ლეიკმა საგანგებოდ შეისწავლა გელათის ბიბლია არეული ფურცლები დაალაგა, გვერდებად დააწყო და მნიშვნელოვანი ფილოლოგიური საკითხები გაარკვია.
A-1108 არასრულად შეიცავს ძველი აღთქმის შემდეგ წიგნებს: ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ, II შჯულთა, ისუ ნავესი, მსაჯულთაჲ, რუთისი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და მცირე წინასწარმეტყველთა (იოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია). Q-1152 ხელნაწერი უფრო ვრცლად შეიცავს ამავე წიგნებს, მაგრამ აკლია წინასწარმეტყველთა წიგნები. A-1108 ხელნაწერისთვის რედაქცია გაუკეთებია სულხან-საბა ორბელიანს.
გელათის ბიბლიის ტექსტიდან გამოცემულია წინასწარმეტყველთა წიგნები – ეზეკიელის, თ. ცქიტიშვილის მიერ 1976; ხოლო იგივე, სხვა წინასწარმეტყველებთან ერთად, – ე. დოჩანაშვილის მიერ 1985–86 („მცხეთური ხელნაწერი“); „წიგნნი ძუელისა აღთქუმისანჲ“, მომზადებული ილ. აბულაძის ხელმძღვანელობით, ნაკვ. 1–3, 1989-91).
ლიტერატურა
- ჟორდანია თ. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ. 1897;
- ინგოროყვა პ.. ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. – „მნათობი“, 1939, №4;
- კეკელიძე კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. I, თბ., I960;
- დანელია კ. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონის ერთი წყარო.– „მაცნე“, I964, №2;
- გიგინეიშვილი ბ. კიკვიძე ც. რუსთველის ხანის ქართული ბიბლიის თარგმანი (გელათური ვერსია) – კრ. „შოთა რუსთაველი. ისტ. ფილოლ. ძიებანი“ თბ., 1966.