გელასი კესარიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელასი კესარიელი — (გ. 394), პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი, საეკლესიო მწერალი და ისტორიკოსი.

მოკლე ცნობები მის შესახებ დაცულია ნეტარ იერონიმესთან. უფრო დაწვრილებით ბიოგრაფიულ ცნობებს იძლევიან წმ. ეპიფანე კუპრელი და წმ. ფოტიუსი. კათედრაზე აირჩიეს დაახლოებით 365 წ., კესარიელ ეპისკოპოს აკაკის გარდაცვალების შემდეგ კირილე იერუსალიმელის მხარდაჭერით, რომელიც მისი ბიძა იყო (დედის ძმა). 381 წ. მონაწილეობდა II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში. ნეტარი იერონიმე მოიხსენიებს გელასი კესარიელს როგორც დახვეწილი სტილის მწერალს, რომელიც მალავდა თავის თხზულებებს. მისი თხზულებებიდან შემორჩენილია 17 ნაწყვეტი (თეოდორიტე კჳირელთან, ლეონტი ბიზანტიელთან, სევერიუს ანტიოქიელთან და ანონიმურ კომპილაციაში Doctrina Patrum de Incarnatione Verbi, რომელშიც თავმოყრილია ტექსტები ქრისტეს ორ ბუნებაზე). პატრიარქი ფოტიუსი ასახელებს გელასი კესარიელის მხოლოდ ერთ თხზულებას – „საეკლესიო ისტორიას“, რომელიც წარმოადგენს ევსევი კესარიელის იგივე სახელწოდების თხზულების გაგრძელებას. ამ გაგრძელებაზე გელასი კესარიელი მუშაობდა კირილე იერუსალიმელის თხოვნით. ამავე დროს ფოტიუსი აღნიშნავს, რომ გელასი კესარიელის არ დაუწერია დამოუკიდებელი თზულება, არამედ უბრალოდ თარგმნა რუფინუსის ისტორია, რომელმაც თავის მხრივ, V ს-ის დასაწყისში ლათინურად თარგმნა ევსევის თხზულება, მისთვის 2 წიგნის (X და XI) დამატებით. თავად რუფინუსი აღნიშნავს, რომ ევსევის თარგმნას შეუდგა 401 წლის შემდეგ. ამ დროისთვის გელასი კესარიელი უკვე აღარ იყო ცოცხალი და, ამდენად რუფინუსის თარგმანსა და დამატებებს ვერ გამოიყენებდა. გამოითქვა სამართლიანი ვარაუდი, რომ პირიქით, რუფინუსმა გამოიყენა თავისი 2 წიგნისთვის გელასი კესარიელის „საეკლესიო ისტორია“. ასეთ შემთხვევაში სწორედ გელასი კესარიელს და არა რუფინუსს უნდა მიეკუთვნოს ცნობები საკუთარ თავზე, კერძოდ, რომ ეთიოპელთა გაქრისტიანების ამბავი მან შეიტყო ედესიოს ტირელისგან, ხოლო ქართველთა (იბერების) მოქცევის ამბავი, მას მოუთხრო რომაელთა სამსახურში მყოფმა იბერების მეფე ბაკურმა.

აქედან გამომდინარე, გელასი კესარიელი შეიძლება მიჩნეულ იქნას რუფინუსის წყაროდ, როგორც თვლიდნენ ე. ჰონიგმანი.

გელასი კესარიელს თხზულება ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს ქართველთა (იბერების და ლაზების) გაქრისტიანების შესახებ და მასში ისეთი დეტალებია აღწერილი, რომლებსაც ვერ ვხვდებით სხვა უცხოელ ავტორებთან (იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩების გაგზავნის მიზნები, მცხეთაში ტაძრის აგების დეტალები, ცნობა ბაკურზე, ეპისკოპოს ალექსანდრეს დასახელება, როგორც იბერიის ეპისკოპოსის მაკურთხევლისა). გელასი კესარიელის თხზულება, როგორც პირველხარისხოვანი წყარო ქართველთა მოქცევის შესახებ, საფუძვლიანად შეისწავლა ს. ყაუხჩიშვილმა. მანვე ა. გამყრელიძესთან ერთად გამოსცა გელასი კესარიელის თხზულების ის მონაკვეთი, რომელიც იბერების და ლაზების გაქრისტიანებას ეხება. ამ გამოცემაში გამოქვეყნებული ტექსტი ეკუთვნის არა უშუალოდ გელასი კესარიელს, არამედ გელასი კვიზიკელს და მასში მოყვანილი ცნობა ალექსანდრე ეპისკოპოსზე სწორედ ამ უკანასკნელის ინტერპოლაციად არის მიჩნეული.

ზ. აბაშიძე


ლიტერატურა

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961;
  • ყაუხჩიშვილი ს., გელასი კესარიელი, ქართლის მოქცევის შესახებ, მიმომხილველი, 1, თბ., 1926.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები