გელეიშვილი პეტრე
გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - (დ. - 20.V.1870, სამტრედია - გ. - 1937), პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი. ფსევდ. „ყარიბი“.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1888 წელს დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. 1898-1903 წლებში, პეტერბურგში, ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის ჟურნალში მდივნად მუშაობდა, ასევე, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში - „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“, „ჟიზნი“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებებს განაგებდა; 1903-1905 წლებში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი.
1918 გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. იყო დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალზე ხელმომწერთა შორის. 1918 წლდან იყო საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე. საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ პ. გელეიშვილი ემიგრაციაში არ წასულა. იგი საქართველოში დარჩა და ბოლშევიკებთან თანამშრომლობის გზას დაადგა. 1923 წლის 20 თებერვალს პ. გელეიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს - მ. ცხაკაიას. წერილში მან დაგმო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური კურსი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებიდან და პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლა დაადასტურა. 1923-1929 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში, 1927-1929 წლებში - საქართველოს რევოლუციის მუზეუმში, ხოლო 1933-1937 წლებში - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში. 1937 დახვრიტეს.
ლელა სარალიძე
ლიტერატურა
გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე, ენც. „საქართველო“. ტ. I, თბ., 1997.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი პუბლიცისტები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- ამიერკავკასიის სეიმის წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები