გერიკე ოტო
ოტო გერიკე – (გერმ. Otto von Guericke, 1602-1686), გერმანელი ფიზიკოსი.
15 წლის ჭაბუკი იყო ოტო გერიკე, ლაიფციგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე რომ ჩაირიცხა. 21 წლისამ დაამთავრა განათლების მიღება ლაიფციგში. აქ ისმენდა ლექციებს საბუნებისმეტყველო საგნებში, რომლებიც მას არაჩვეულებრივად იტაცებდა.
გერიკე იყო საზოგადო მოღვაწეც. თავისი საქმიანობის გამო, განსაკუთრებით მაგდებურგის გარემოცვის შემდეგ, მისი აღდგენითი სამუშაოებისათვის და მოლაპარაკებაში მონაწილეობისათვის, სადაც ქალაქის ინტერესებს იცავდა, არჩეულ იქნა ბურგომისტრად.
ბურგომისტრი არ იყო კარგად მომზადებული მეცნიერული მუშაობისათვის და საქმეს ხელი მოჰკიდა, როგორც დილეტანტმა. თუმცა იგი გამოდგება იმის მაგალითად, თუ ერთგულებამ და შეუპოვრობამ როგორ შეიძლება გადალახოს დიდი სიძნელეები და მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცეს.
გერიკე განსაკუთრებით გულმოდგინედ ვაკუუმის მისაღებად მუშაობდა. ეს გამოკვლევები ბევრ სიძნელეს უქმნიდა, რადგან მას პრიმიტიული ხელსაწყოები ჰქონდა. გამოკვლევების პროცესში ის იძენდა ცოდნასა და გამოცდილებას. ააგო საჰაერო ტუმბო და ძალიან ეფექტური ექსპერიმენტებით გამოიკვლია ატმოსფერული წნევის ბუნება. ბევრმა დაკვირვებებმა იგი მიიყვანეს იმ აზრამდე, რომ ღრუბელი, ქარი, ნისლი და სხვა ატმოსფერული მოვლენები დაკავშირებულია ჰაერის სიმკვრივის ცვლილებასთან, გადაწყვიტა განესაზღვრა და გამოეთვალა ჰაერის სიმკვრივე, მან ნამდვილად მოახერხა კიდეც ამის გაკეთება. მუშაობდა ელექტროსტატიკაში, შეამჩნია თანასახელიანი დამუხტული ნაწილაკების განზიდვა, შექმნა პირველი ელექტროსტატიკური მანქანა, გერიკემ ახსნა აგრეთვე ხახუნის მოვლენა. ამ მკვლევარს უყვარდა თავისი გამოგონებებით თავის მოწონება და უხაროდა, როცა მსმენელთა გაოცებას იწვევდა. რეგენსბურგის სეიმის დროს (1654) ჩაატარა ცნობილი ცდა მაგდებურგის ნახევარსფეროებზე. ჰაერის ამოტუმბვის შემდეგ რომ ისინი ერთმანეთს დაეშორებინათ, საჭირო გახდა 8 წყვილი ცხენის შებმა. ყველა აღტაცებული იყო.
ოტო გერიკემ იცოცხლა 84 წელი.