გერმანე (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე – აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი XVIII ს. შუა წლებში.

დაიბადა რაჭა-ლეჩხუმის სარდლის, თავად მერაბ II ხოსიას ძე წულუკიძისა და დარეჯან აბაშიძის ოჯახში. 1745 წლის ახლო ხნის შეწირულების წიგნში მერაბი ამბობს: „სახელგანთქმულმან წულუკიძემ მერაბმა და თანამეცხედრემან ჩვენმან ბატონმან აბაშიძის ასულმან დარეჯან და ძემან ჩვენმან პირმშომან კათალიკოზმან გერმანე, პაატამ და დავითმა“... ამრიგად, 1745 წ. გერმანე უკვე კათოლიკოსია. არსებული საბუთების მიხედვით, გერმანეს კათოლიკოსობის ზუსტი წლების განსაზღვრა ძნელია. როგორც ჩანს, ხანმოკლე მწყემსმთავრობის შემდეგ კათოლიკოსი გერმანე გადადგა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ქორონიკონსა ულ – 430 (1742) მოკუდა კათოლიკოზი აფხაზთა გრიგოლი (ლორთქიფანიძე), დაჯდა გერმანე“, თუმცა ბ. ლომინაძეს ეს ცნობა საეჭვოდ მიაჩნია, რადგან აფხაზეთის კათოლიკოს ბესარიონის (ერისთავი) ბეჭედზე 1742 წელია ამოტვიფრული, რაც ჩვეულებრივ კათოლიკოსობის დასაწყისს უჩვენებს. მისი მტკიცებით, 1742 წლიდან კათოლიკოსი ბესარიონი იყო და არა – გერმანე. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მთელ დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ანარქია მძვინვარებდა. თვით მეფეებიც კი ხშირად იცვლებოდნენ სამეფო ტახტზე. აქედან გამომდინარე, ცვლილებები ეხებოდათ კათოლიკოსებსაც, რომლებიც ამა თუ იმ ხელისუფალთ უჭერდნენ მხარს. ცნობილია, რომ მერაბ წულუკიძე იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის მხარდამჭერი იყო, ხოლო ბესარიონ კათოლიკოსი რაჭის ერისთავების იმ შტოს ეკუთვნოდა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე იმერეთის მეფეებს ებრძოდნენ. სავარაუდოდ, 1742 წ. კათოლიკოსის ტახტზე ასული ბესარიონი ალექსანდრე V-მ მალევე გადააყენა და მის ნაცვლად კათოლიკოსად თავისი მომხრე და ერთგული თავადის, მერაბ წულუკიძის ვაჟი, გერმანე აარჩევინა, რაც დასტურდება კიდეც მერაბ წულუკიძის 1745 წლის ცნობით. 1746 წ. ვახტანგ რაჭის ერისთავმა და მისმა მომხრეებმა ალექსანდრე V მეორედ გააძევეს იმერეთიდან და 1749 წლამდე (სხვა ცნობით – 1747 წლამდე) ტახტი მის ძმას – მამუკას ეჭირა, რომელიც როსტომ რაჭის ერისთავის მომხრე გახლდათ და სწორედ ამ დროს, კათოლიკოსის ტახტი ისევ ბესარიონმა დაიჭირა, ხოლო გერმანეს უკვე მოგვიანებით ნიკორწმინდის კათედრაზე ვხედავთ, სადაც დაახლოებით 1756-1769 წწ. ჩანს მიტროპოლიტის პატივით. 1756 წ. 27 ნოემბერს დარეჯან აბაშიძე თავის შვილს, გერმანეს, შეწირულების წიგნს აძლევს, სადაც მას ისევ კათოლიკოსად მოიხსენიებს: „ჩვენს შვილს ბატონს კათალიკოზს გერმანეს...“. როგორც ჩანს, შემდგომში გერმანე დაუახლოვდა როსტომ რაჭის ერისთავს. 1769 წ. სოლომონ I-მა როსტომი და მისი ოჯახი დაატყვევა და საერისთავო გააუქმა. სავარაუდოდ, ამ დროს ჩამოართვეს გერმანეს ნიკორწმინდის კათედრა და მის ნაცვლად ნიკორწმინდელად არქიმანდრიტი სილიბისტრო (ღოღობერიძე) აკურთხეს: „ამან მეფემან სოლომონ გარდააყენა ნიკოლოზ წმინდელი ეპისკოპოსი რაჭისა გერმანე წულუკიძე, ვინაითგან იყო მოყვასი როსტომ ერისთავისა და მოადგილედ მისსა დასო სილიბისტრო ღოღობერიძე“ (სავარაუდოდ, ეს მოხდა 1771-1773 წლებში, რადგან სილიბისტრო 1771 წ. ისევ არქიმანდრიტია, ხოლო 1773 1773 წ. ოქტომბერში უკვე მღვდელმთავარია). 1784 წ. ბერი და გიორგი წულუკიძეების შეწირულობის სიგელში ნიკორწმინდის კათედრაზე ისევ გერმანე იხსნიება. 1785 წ. ამავე კათედრაზე უკვე მისი ძმისშვილი, სოფრონ წულუკიძე ჩანს, თუმცა გერმანე კვლავ ცოცხალია და თავის ძმისშვილს ეხმარება ეპარქიის მართვა-გამგეობაში. იგი ასევე ასრულებდა ხელდასხმებს, რაც მრავლად არის აღნიშნული რაჭის მაზრის სამღვდელოების 1832-1833 წლის ნამსახურებათა სიების აღწერებში. მაგ.: 1787 წ. მან შეასრულა სამღვდელო ქიროტონია სიმონ ფოფხაძისა; 1788 წ. ნიკ. ბოჭორიშვილისა; 1789 წ. – ზაქარია მიქაუტაძისა; 1790 წ. იოანე კაციტაძისა; 1792 წ. – ბერ-დიაკონ სვიმონისა (მაჩაიძე); 1793 წ. – მაქსიმე კანდელაკისა; 1794 წ. – იოანე სირაძისა; 1795 წ. – სპ. გავაშელიშვილისა და გ. ბაკურაძისა. უკანასკნელად იხსენიება 1798 წ., როდესაც დიაკვნად აკურთხა მათე გურგენიძე. სავარაუდოდ, იგი ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

თ. ქორიძე
დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა ფ. 488, აღწერა 1, საქმე №357; ფ. 487, აღწერა 1, საქმე №3745; საქმე №4105;
  • დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ს. კაკაბაძის გამოც., წ. 2, ტფ., 1921;
  • კაკაბაძე ს., საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ პირველის დროს, ტფ., 1913.
  • გაფრინდაშვილი ბ., საეპისკოპოსოები რაჭა-იმერეთის (გელათი, ხონი, ნიკორწმინდა) 1529- 1820 წწ., თბ., 2015;
  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მსკი, 1954, ნაკვ. 31;
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 8, თბ., 1985;
  • ქორიძე თ., გერმანე, წგნ.: კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000

.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები