გვარამ მამფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვარამ მამფალი – (დიდი) (გ. 882), აშოტ კურაპალატის უმცროსი ვაჟი.

ტერმინი „მამფალი“ „დედოფლის“ მგავსადაა ნაწარმოები და გამოხატავს ერის მამობას, უფროსობას. ბაგრატიონთა სახლში პირველად „მამფალად“ სწორედ გვარამი იხსენიება. მის სამფლობელოში შედიოდა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი. თავისი მიწები განავრცო სარკინოზებთან ბრძოლითა და ქართული ტერიტორიების გათავისუფლებით. გვარამ მამფალი ებრძოდა ბუღა თურქს, მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონთა სახლის უფროსი ბაგრატი ბუღას მოკავშირე იყო. არაბთაგან წართმეული მიწები მან თავის ძმებს – ადარნასესა და ბაგრატს გაუნაწილა. ამოწყვეტის შემდეგ მისი მამულები ძმათა მემკვიდრეებმა გაიყვეს. მამფლობა უფროსი ძმის – ადარნასეს შთამომავლებში კლარჯეთის სახლში დაწესდა. არტანუჯელ-კლარჯე მამფალთაგან ცნობილნი არიან: სუმბატ I (გ. 889) და მისი ორი ვაჟი – დავითი (გ. 943) და ბაგრატი (გ. 909).

გვარამ მამფალის მოღვაწეობის ხასიათი – საკუთარი ძმის, ბაგრატ კურაპალატისგან დამოუკიდებელი მისწრაფებები და შორს გამიზნული პოლიტიკის წარმართვა მიანიშნებს იმაზე, რომ მამფალი სახლის უფროსისგან დამოუკიდებელი ხელისუფალია, რომელიც ხელმწიფობისკენ მიილტვის.

გვარამ მამფალმა IX ს-ში განაახლა ოპიზის მონასტერი, რომელიც ტაო-კლარჯეთის სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ კერად იქცა. გვარამ მამფალი სხვა შემთხვევებშიც აქტიურად იყო ჩართული საეკლესიო საქმეებში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჯავახეთის კრება: „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ მიხედვით, მირიან დიდაზნაურმა თავისი ძე არსენი სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, მძლავრობით, მხოლოდ სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. გვარამ მამფალი არსენის წინააღმდეგ გამოვიდა. მირიანზე იგი „გულძჳრად იყო, და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრება ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოსა მამათაჲ“. წმ. გრიგოლ ხანცთელი ჩაერია ჯავახეთის კრებაში, არწმუნა ეფრემს, გუარამსა და სხვებს, რომ არსენის კათოლიკოსობა ღვთის ნება იყო „სისრულისა მისისათჳს“.

წმ. გრიგოლმა საკმაოდ მკაცრად ამხილა დიდებისმოყვარე გვარამ მამფალი, რომელმაც „სიტყუასა შინა აუგისა სიტყუანი განამრავლნა“ და მის თხოვნას: „წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე“, – ასე უპასუხა: „ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ“. თუმცა გიორგი მერჩულე მას მოიხსენიებს როგორც „ხელმწიფე მამფალს“, „ბრძენსა და ღმრთისმსახურს“, „სიტყუაჴელობანს“, „მდაბალსა და ღმრთისმოშიშს“.

ნ. ჟვანია
გ. ალიბეგაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, ტ. 1, თბ., 1963.
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები