გვარიშვილი ოსიკო
ოსიკო გვარიშვილი – ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში, 1931 წლის 10 ივნისს. ხალას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტი, ვაჭრობის ეკონომისტის სპეციალობით.
გამოცემული აქვს წიგნები: „ავადმოსაგონარი – 1937“ (1997), „მემედ ბეგ აბაშიძე – მოაზროვნე და მწერალი“ (თანაავტორი, 1999), „აზიზ ნესინის იუმორის ძალა“ (2001).
ქართულ მწერლობაში ოსიკო გვარიშვილის დამსახურება მეტწილად მთარგმნელობითი საქმიანობით შემოიფარგლება. თარგმნილი აქვს თურქი მწერლების: აზიზ ნესინის, ოქტაი რიფათის, ორჰან ქემალის, საბაჰათინ ალის, ომერ სეიფედდინის და სხვათა ნაწარმოებები.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორად, პარტიულ თანამდებობებზე: აჭარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ, აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად; 1997-2003 წლებში იყო დემოკრატიული აღორძინების კავშირის გენერალური მდივანი, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი.
ბოლო წლებში ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგობრივი უმაღლესი კოლეჯის რექტორად მუშაობდა.
2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.
ქართველ და სომეხ ხალხებს შორის კულტურულ-ლიტერატურული და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა შარლ აზნავურის საპატიო წოდება.