გველეთი
გველეთი – სოფელი საქართველოში, ხევში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის მარჯვენა მხარეს.
სახელწოდება
ქართულ საისტორიო წყაროებში ეს სოფელი XIV საუკუნის შუა ხანებიდან იხსენიება: „მაშინ დავით დგა ბაზალეთს და …მიჰმართა ციხესა დარიალისასა… და შეიარეს არაგვი და მოადგეს ციხესა გუელეთისასა". ამის მიხედვით სარწმუნოდ აღარ გამოიყურება ვახუშტი ბატონიშვილის მტკიცება, გველეთი ახალი სახელია, ძველად მას გელათი ერქვაო.“
იოანე ბაგრატიონი „ქართლ-კახეთის აღწერაში“ გველეთს „გველისთავს“ უწოდებს: „გველისთავი თუ გველეთი (მოსახლენი). ტოპონიმ გველეთის წარმოშობის საკითხი დღესაც საბოლოოდ არ არის გადაჭრილი და საფუძვლიანად გარკვეული.
კ. ჰანი გველეთში ამოსავლად რატომღაც მცენარე ღვიის სახელწოდებას მიიჩნევდა. ა. შანიძის მიხედვით ტოპონიმი გველეთი ყაზბეგის რაიონში საცხოვრებლად გადმოსული ხევსურების მოტანილი სახელი უნდა იყოს. კომპაქტური მიგრაციები ხევის სოფლებში შუა საუკუნეებშივე (XIII-XIV ს.ს.) დაწყებულა.
უკანასკნელ ხანს სპეციალურ ლიტერატურაში გაჩნდა ახალი თვალსაზრისი გველეთის ჩაჩნურ-ინგუშური გვაროვნული ერთეულისაგან მომდინარეობის შესახებ. ენათმეცნიერი ა. ქურქიევი საკმაოდ დაჯერებულად წერს: „აქ უწინ გელათხოის გვარის ინგუშური ოჯახები სახლობდნენ და სოფლის სახელწოდებაც აქედან მოდისო.
ცნობილია ისიც, რომ გველეთს ჩაჩნურად გიელთა||გვილეთი ეწოდება, მაგრამ ეს ფაქტი სახელწოდების წარმოშობის გარკვევაში ვერ დაგვეხმარება, რადგან როგორც ერთი, ისე მეორე ფორმა ქართულ გველეთ- სახელზეა დამყარებული და აღმოცენებული.
ამ ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისებიდან უპირატესობა, ვფიქრობთ, ვახუშტი ბატონიშვილის მონაცემს უნდა მიენიჭოს: ტოპონიმი გველეთი წარმოშობით ანთროპონიმული სახელი ჩანს. იგი გელ-ათ||გელ-ეთ ფუძეს უნდა იყენებდეს ამოსავლად: „გელას შთამომავალთა სოფელი“, „სოფელი, სადაც გელას გვარს უცხოვრია“. გველეთი გველ- სიტყვასთან გადააზრიანების გზით უნდა იყოს მიღებული.