გიგანტური ფშუკუნა
გიგანტური ფშუკუნა (ლათ. Langermannia gigantea (Pers.) Rostk რუს. Головач гигантский)
ნაყოფსხეული – დიდი ზომისაა, სფეროსებრია ან კვერცხისებრი 50 სმ-მდე და მეტი დიამეტრისა; ზოგჯერ მისი წონა 15კგ-ს აღწევს. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება.
რბილობი – ნორჩობაში თეთრია, ბამბისებური აგებულებისა„ შემდეგ მომწვანო-ყავისფერი ხდება, ახასიათებს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო.
სპორები – სფეროსებრია, სადა ან მცირე ღარებით, მოყვითალო-ყავისფერია, ახასიათებს მოკლე დანამატი, 3,8-5,3 მკმ დიამეტრისაა.
იზრდება ნიადაგზე მთის ტყეთა და სუბალპურ მდელოზე ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში, როდესაც რბილობი თეთრია, იხმარება ახალი მოხრაკული. გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმლების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს წინააღმდეგ.