გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი - ქართული ლიტერატურის მუზეუმი საქართველოში შეიქმნა XX საუკუნის ოცდაათიან წლებში.
გამოჩენილი ქართველი მწერლების გიორგი ლეონიძისა და ტიციან ტაბიძის ინიციატივით 1930 წელს დაარსდა მთაწმნინდის მწერალთა მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა კომუნალური მუზეუმიდ დირექტორს ნიკოლოზ ბადრიაშვილს, 1931 წელს მუზეუმიდ დირექტორად დაინიშნა გიორგი ლეონიძე. ამ მუზეუმის ქართული განყოფილების გამგე იყო ტიციან ტაბიძე, რუსულისა - ივანე ენიკოლოფოვი. 1938 წელს მუზეუმი გადმოტანილი იქნა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე (№ 8) და მას ეწოდა საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი. მუზეუმის ახალ შენობაში ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 1940 წელს გამოვიდა პირველი ბეჭდური ორგამო „ლიტერატურის მატიანეს” 6 წიგნი (რედაქტიროო გიორგი ლეონიძე). 1982 წელს 7-8 წიგნი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე). ალმანახის მე-9 წიგნი (რედაქტორი გიორგი ნატროშვილი) 1992 წელს მე-10 ნომერი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე), 1998 წელს გამოიცა ალმანახის მე-11 ნომერი.
ლიტერატურის მუზეუმში მუდმივად ეწყობოდა სამეცნიერო სესიები, ტარდებოდა ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები. მუზეუმის ფონდებში თავნოყრილია 100 000-ზე მეტი ხელნაწერი, იკონოგრაფიული ძეგლები, მემორიალური ნივთები და უნიკალური წიგნი, სახელდობრ: მინიატურული ოთხთავი (XII საუკუნეში ათონის ივერთა მონასტერში გადაწერილი), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა” (XVIII საუკუნეში გადაწერილი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი (გადაწერილი 1810 წელს), ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ცხოვრება”, „გეოგრაფია” და სხვა მრავალი. მუზეუმში ინახება მწერალთა არქივები. ხელნაწერები: ვახტანგისეული „ვეფსისტყაოსანი” (1712 წლის გამოცემა), მწერალთა ავტოგრაფები. ფონდში ინახება „ცისკრის”, „საქართველოს მოამბის”, „ივერიის”, „ბახტრიონის”, „მეოცნებე ნიამორების”, „ცისფერი ყანწების” და XIX-XX ს.ს. პერიოდულ გამოცემათა სრული კომპლექტები თუ ცალკეული ეგზემპლარები, იკონოგრაფიულ ფონდშია გამოჩენილ მხატვართა ფერწერული თუ გრაფიკული სურათები, ნიღბები, ქანდაკებები.
1967 წელს მუზეუმს მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის გიორგი ლეონიძის სახელი.
საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის ბაზაზე შექმნილია ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძის, ალიო მირცხულავას, ლეო ქიაჩელის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლომოურის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, თედო რაზიკაშცილის, ლესია უკრაინკას, მირზა ფათალ ახუნდოვის სახლ-მუზეუმები.
მუზეუმის დირექტორები
- გიორგი ლეონიძე 1931-1953
- ვასო ეგნატაშვილი 1953-1956
- ვანო კაკაბაძე 1956-1976
- იზა ორჯონიკიძე 1976-1982
- გიორგი ნატროშვილი 1982-1988
- რევაზ თვარაძე - 1988
- იზა ორჯონიკიძე 1989 - 1990
- გურამ შარაძე 1991, 5-27 იანვარი
- იზა ორჯონიკიძე 1991-2010
- ლაშა ბაქრაძე 2010